სომხეთი-რუსეთი

ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ში მონაწილეობა გაყინა

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანამ რუსეთის მიერ გაღოლილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა.

სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ უმოქმედობა გამოიჩინა მაშინ, როცა სომხეთს დახმარება სჭირდებოდა.

"ჩვენი აზრით, სომხეთთან მიმართებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება არ შესრულებულა, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში და ეს ჩვენი მხრიდან შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ჩვენ ამ შეთანხმებაში მონაწილეობა გავყინეთ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში." - თქვა ფაშინიანმა.

ამას გარდა, ფაშინიანს France 24-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებენ თუ არა სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსული ბაზის დახურვას, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ ეს საკითხი ამჟამად არ განიხილება.

ჩრდილოეთ სომხეთში, გიუმრიში 1995 წლიდან, მოსკოვსა და ერევანს შორის დადებული შეთანხმების შესაბამისად, მდებარეობს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა. 2010 წელს მხარეებმა შეთანხმება 2044 წლამდე გაახანგრძლივეს.

ტრადიციულ მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. ორგანიზაცია უმოქმედოდ შეხვდა 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებსაც. პარალელურად, კრემლში უკმაყოფილო არიან, რომ სომხეთი ევროკავშირთან კავშირებს ამყარებს და მეტიც, შეურთდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს.

ОДКБ-ს ბოლო სხდომას სომხეთის წარმომადგენლები არ დასწრებიან. კრემლში ამბობდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წუხდნენ. ერევანში აქამდე ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციიდან გამოსვლას არ აპირებდნენ.

კომენტარები