დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანი მთავარი გაზსადენის ქსელში მომხდარ ორ აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს

ირანის ქალაქ ბორუჯენის მიმდებარედ მომხდარი აფეთქების შედეგი, 14 თებერვალი, 2024
Reza Kamali Dehkordi/Fars News Agency via AP

ირანის ნავთობის მინისტრის ჯავად ოვჯის ვარაუდით, 14 თებერვალს ირანის მთავარი გაზსადენის ქსელში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელია.

ირანის სამთავრობო მედიის (IRNA) ცნობით, ოვჯი ამბობს, რომ გაზსადენის აფეთქება ისრაელის გეგმა იყო - "მტრის განზრახვა პროვინციების ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის ხელის შეშლა და ხალხისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების რისკის ქვეშ დაყენება იყო".

"მტრის ბოროტულ ქმედებას სწორად გავუმკლავდით" - განაცხადა ოვჯიმ ბრალდებების მხარდასაჭერი მტკიცებულებების ჩვენების გარეშე.

14 თებერვალს ირანის მთავარი გაზსადენის ქსელში ორი აფეთქება მოხდა, თუმცა, ქვეყნის მაღალჩინოსნებმა უარყვეს ცნობები, რომ ირანის ზოგიერთ პროვინციაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა.

აფეთქების შემდეგ ოვჯიმ განაცხადა, რომ გაზის მიწოდება მხოლოდ აფეთქების მიმდებარე სოფლებს შეუწყდა, ხოლო ინციდენტი 2011 წლის შემთხვევას შეადარა,  როცა, მისი თქმით, "საბოტაჟის აქტმა" სხვადასხვა რეგიონებში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყვიტა.

ირანში მომხდარ აფეთქებებს ისრაელი არ გამოხმაურებია და ოვჯის ბრალდებებზე ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს უწყებას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები