ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: ვისაც სურს, არ შევიდეთ რაფაში, ომის წაგებას გვთავაზობს, ამას არ დავუშვებ

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე საუბრის დროს ქალაქ რაფაში ოპერაციის არჩატარება ომში დამარცხებას გაუტოლა.

"მათ, ვისაც სურს ჩვენი შეზღუდვა რაფაში ოპერაციისგან, ფაქტობრივად გვეუბნებიან, ომი წააგეთო. ამას არ დავუშვებ." – თქვა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, მან აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ისრაელი იბრძოლებს "სრულ გამარჯვებამდე", რაც "რაფაში მოქმედებებსაც მოიცავს". მან ხაზი გაუსვა, რომ ოპერაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც სამოქალაქო პირებს უსაფრთხო ადგილებზე ევაკუაციის შესაძლებლობა ექნებათ.

ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს აფრთხილებდა, რომ მათ მოქმედებებს რაფაში მხარს არ დაუჭერენ, თუ მშვიდობიან მოქალაქეთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება.

კონფერენციაზე ისრაელის პრემიერმა ასევე თქვა, რომ "არ დაჰყვებიან საერთაშორისო დიქტატს" პალესტინელებთან სამომავლო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, "შეთანხმება მიღწეული იქნება მხოლოდ ორ მხარეს პირისპირ საუბრით, წინაპირობების გარეშე".

ნეთანიაჰუს თქმით, ის გააგრძელებს წინააღმდეგობას, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობა ცალმხრივად აღიარონ. მსგავსი აღიარება 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, მისი აზრით, ტერორიზმისთვის გაკეთებული უდიდესი საჩუქარი იქნება.

ისრაელის პრემიერი ირწმუნება, რომ რაფას ჩრდილოეთით ევაკუაციის საკმარისი სივრცეა. მისი თქმით, "ევაკუაციისთვის ადგილი იქნება".

"ეს ზედმიწევნით უნდა გავაკეთოთ. ეს მითითება მივეცი თავდაცვის ძალებს". - თქვა ნეთანიაუმ.

ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ რაფასთან დაკავშირებით საერთაშორისო ზეწოლა არსებობს, თუმცა, მსივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება არ უნდა ელოდოს, რომ "ჰამასის მეოთხედი ხელშეუხებელი" დარჩება, მისივე თქმით, ყველას სურს მძევლების ახალი შეთანხმების გაფორმება, მაგრამ აქვე აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმების შემთხვევაშც კი, ის რაფას არ შეეხება და საბრძოლო მოქმედებებს მაინც ჩაატარებენ.

ქალაქ რაფას, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, ამჟამად თავს აფარებს ღაზის სექტორის 2.3 მილიომი მოსახლის ნახევარზე მეტი.

კომენტარები