2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ამერიკელების 18%-ს სჯერა, რომ სვიფტი ბაიდენის ხელშემწყობი შეთქმულების ნაწილია - კვლევა

მონმათის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 18% მიიჩნევს, რომ პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელშემწყობი წინასაარჩევნო შეთქმულების ნაწილია. 

უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, თითქმის ხუთიდან ერთი ამერიკელი "ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეფარული ძალისხმევა, ტეილორ სვიფტის დახმარებით ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნები მოაგებინოს, სინამდვილეში არსებობს". 

იმ რესპონდენტებს შორის, რომლებსაც შეთქმულების თეორიის სჯერათ, 71% იდენტიფიცირდებიან ან ზოგადად მეტად იხრებიან რესპუბლიკური პარტიისაკენ. მათგან 83% აპირებს, რომ 2024 წლის არჩევნებში აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუჭიროს მხარი. 

ბოლო დროს, სვიფტის შესახებ შეთქმულების თეორიები გავრცელდა, რომლებსაც ზოგი კონსერვატორი კომენტატორი უჭერს მხარს. თეორიების მიხედვით, სვიფტი პენტაგონისთვის მუშაობს, ლიბერალურ ძალებთანაა გაერთიანებული და, ამავდროულად, გუნდ Kansas City Chiefs-ის პოპულარულობას ზრდის, რომლის მოთამაშე ტრევის კელსი პოპვარსკვლავის შეყვარებულია.

გამოკითხვა 8-12 თებერვალს, ტელეფონით, 902 ზრდასრულ ამერიკელის მონაწილეობით ჩატარდა. კვლევის ცდომილებაა +/-4.1%. 

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტეილორ სვიფტმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი და თავის ფანებს მოუწოდა, არჩევნებზე მისულიყვნენ. 

ტრამპმა სვიფტს მოუწოდა, რომ 2024 წლის არჩევნებში ბაიდენს მხარი არ დაუჭიროს, რადგან  "ბაიდენს ტეილორისთვის არაფერი გაუკეთებია და არასდროს გააკეთებს". 

კომენტარები