კრიმინალი

ჯარისკაცზე ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ისინი დღეს, 15 თებერვალს დააკავეს. საქმე 11 იანვარს გარდაცვლილ კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილს ეხება, რომელიც სოფელ ახალშენის მიმდებარედ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც მათ აღნიშნულ თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს.

ბრალდებულებმა თანამშრომელს 11 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. ასევე, ბრალდებულები დაზარალებულს, ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით ემუქრებოდნენ.

სამივე ბრალდებულის  მიერ მუქარისა და სასტიკი მოპყრობის გამო, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რომლებიც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პროკურატურის მითითებით, უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 12 იანვარს თავდაცვის სამინისტრომ სამძიმრის წერილი გაავრცელა.

კომენტარები