აშშ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მდივანი, ალეხანდრო მაიორკასი
Getty Images 

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების მდივნის, ალეხანდრო მაიორკასისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

შიდა უსაფრთხოების მდივანი აშშ-ს მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ბოლო 150 წლის განმავლობაში იმპიჩმენტის საფრთხის წინაშე დგას.

რესპუბლიკელები მაიორკასს მექსიკის საზღვარზე უპრეცედენტო რაოდენობის მიგრანტების შემოდინებაში ადანაშაულებენ და პარალელურად ამბობენ, რომ მან ვერ შეძლო აღებული მოვალეობის შესრულება, რაც საზღვრის დაცვას გულისხმობს. 

შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი წარმომადგენელთა პალატის 214-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 213 იყო. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური პარტია უმრავლესობას ფლობს, თუმცა განსხვავებული სიტუაციაა ზედა პალატაში - სენატში. საკითხი ახლა განსახილველად გადაეცემა სენატს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მაიორკასის იმპიჩმენტი ჩავარდეს. 

წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც კენჭისყრას "არაკონსტიტუციური პარტიულობის აშკარა აქტი" უწოდა. 

"ის [მაიორკასი] ერთგულად იცავდა კანონის უზენაესობას და აჩვენა ღრმა ერთგულება იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც ჩვენს ერს დიდებულს ხდის". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, კონგრესის ქვედა პალატაში მაიორკასის იმპიჩმენტის წინააღმდეგი 210 დემოკრატთან ერთად 3 რესპუბლიკელიც იყო. მათი თქმით, იმ პირის იმპიჩმენტი, ვისაც სერიოზული დანაშაული არ ჩაუდენია, შეასუსტებს კონსტიტუციურ სასჯელს და ვერ დაეხმარება საზღვარზე არსებული პრობლემების მოგვარებას.

2021 წლიდან აშშ-ს საზღვარი არალეგალურად 6.3 მილიონზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა, რამაც იმიგრაცია აშშ-ში ერთ-ერთ საკვანძო და პოლიტიკურად სადავო საკითხად აქცია განსაკუთრებით მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. 

CBS-ის მიერ იანვარში ჩატარებული გამოკითხვით, ამერიკელთა თითქმის ნახევარი საზღვარზე არსებულ სიტუაციას კრიზისულად აფასებს, ხოლო 63%-ს კი ამ მიმართულებით უფრო მკაცრი პოლიტიკა სურს.

კომენტარები