აშშ

აშშ-ს ერთ-ერთ უდიდეს ევანგელურ ეკლესიაში ქალმა ბავშვის თანხლებით ცეცხლი გახსნა

ლეიქვუდის ეკლესიის მრევლის წარმომადგენლები თავდასხმის შემდეგ
 REUTERS/Callaghan O’Hare

აშშ-ს ერთ-ერთ უდიდეს ევანგელურ ეკლესიაში, რომელიც ტეხასის შტატში მდებარეობს, ქალმა დაახლოებით 5 წლის ბავშვის თანხლებით ცეცხლი გახსნა. 

პოლიციის ორმა ოფიცერმა, რომლებიც ამ დროს სამსახურებრივ ვალდებულებას არ ასრულებდნენ, მსროლელი სასიკვდლოდ მანამდე დაჭრეს, სანამ ის ვინმეს მოკვლას მოასწრებდა.

ჰიუსტონის პოლიციის უფროსის, ტროი ფინერის, თქმით, შემთხვევა ლეიქვუდის ეკლესიაში ადგილობრივი დროით 2 საათამდე მოხდა, სანამ ესპანურენოვანი პარაკლისი დაიწყებოდა. 

დაშავებულები არიან დაახლოებით 50 წლის მამაკაცი და ბავშვი, რომელიც ქალს თან ახლდა. 

ჯერჯერობით უცნობია, ვისი ნასროლი ტყვიით დაშავდა ბავშვი. ის ახლა ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო დაშავებულ 50 წლის მამაკაცს ფეხი დაუზიანდა, მას ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობენ. 

ფინერის თქმით, თავდამსხმელი დაიმუქრა, რომ ბომბი ჰქონდა, თუმცა პოლიციამ მის ზურგჩანთასა და მანქანაში ასაფეთქებლები ვერ აღმოაჩინა. 

"მას გრძელლულიანი თოფი ჰქონდა და შეიძლება გაცილებით უარესი ყოფილიყო". - თქვა ფინერმა მსროლელზე. 

ტეხასის გუბერნატორი, გრეგ აბოტი, თავდასხმას გამოეხმაურა. 

"ჩვენი გულები არის მათთან, ვისაც დღევანდელი ტრაგიკული სროლა შეეხო და მთლიან ლეიქვუდის ეკლესიის საზოგადოებასთან ჰიუსტონში". - თქვა აბოტმა. 

ლეიქვუდის ეკლესია ყოველკვირეულად დაახლოებით 45 000 ადამიანს იტევს. მისი წინამძღვრები ცნობილი ტელევანგელისტი პასტორი კოელ ოსთინი და მისი კო-პასტორი, ვიქტორია ოსთინი არიან. 

"ჩვენ არ გვესმის, რატომ ხდება ასეთი რაღაცები, მაგრამ ღმერთი ყველაფერს მართავს. ვაპირებთ, რომ დავრჩებით ძლიერები. ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ წინ სიარული". - თქვა ოსთინმა 

კომენტარები