აშშ

ტრამპის თქმით, თუ NATO-ს ქვეყნები თავდაცვაზე საკმარისს არ დახარჯავენ, აშშ მათ არ დაიცავს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრება, ინგლისი, 4 დეკემბერი, 2019
AP Photo/Francisco Seco, File

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, იგი რუსეთს NATO-ს იმ ქვეყნებზე თავდასხმისკენ წააქეზებდა, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ.

"მე ვთქვი, 'ყველამ უნდა გადაიხადოს'. იმათმა თქვეს, 'თუ ჩვენ არ გადავიხდით, მაინც დაგვიცავთ?' მე ვუპასუხე, 'აბსოლუტურად არა.' [ჩემი] პასუხი ვერ დაიჯერეს". - თქვა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპის თქმით, ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერს პრეზიდენტობის დროს უთხრა, რომ თუკი ისინი თავდაცვაზე საკმარის თანხას არ დახარჯავდნენ, აშშ უარს იტყოდა მათთვის დახმარების გაწევაზე. უფრო მეტიც, ტრამპის თქმით, იგი რუსეთს წააქეზებდა, "როგორც უნდა ისე მოიქცეს".

"დიდი ქვეყნის ერთი პრეზიდენტი წამოდგა და მკითხა, 'თუ ჩვენ არ გადავიხდით და რუსეთი თავს დაგვესხმება, თქვენ დაგვიცავთ?' მე ვუთხარი: 'არ გადაიხადეთ? არგადამხდელი ხართ?' ... 'არა, არ დაგიცავთ, უფრო მეტიც, მათ [რუსებს] წავაქეზებ, რაც უნდათ, ის გააკეთონ. უნდა გადაიხადოთ.'"

ტრამპის განცხადებას თეთრმა სახლმა "თავზარდამცემი და არანორმალური" უწოდა. ხოლო NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც მიანიშნებს, რომ "მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას ძირს უთხრის".

NATO-ს სტანდარტით, წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს არანაკლებ 2% უნდა იყოს.

კომენტარები