გამოსახლება

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებისთვის დაკავებულები, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ადვოკატ გურამ იმნაძის ინფორმაციით, აღსრულების ბიუროს მანქანის ზიანის თანხა ბრალდებულებმა გუშინ გადაიხადეს. 

"პატიმრობა შეეცვალა გირაოთი, დაეკისრათ 3000-3000 ლარი. მის გადასახდელად განესაზღვრათ 2 საათი. ეს ჩვენი აზრით არის სამართლიანი გადაწყვეტილება. 

[აღსრულების ბიუროს მანქანის] ზიანის თანხა, რაც იყო განსაზღვრული, გუშინ გადაიხადეს. ჩვენ აქამდეც მზად ვიყავით გადასახდელად, უბრალოდ ველოდებოდით ტექნიკური დასკვნის მომზადებას. " - ამბობს ადვოკატი გურამ იმნაძე. 

სააპელაციო სასამართლომ გუშინ, 2 თებერვალს საჩივარი არ დააკმაყოფილა და აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას მოძრაობა ხმა ავრცელებს, რომლის წევრებიც არიან დაკავებულები.

23 იანვარს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. შსს-ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას 25 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

კომენტარები