სტალინის გამოსახულება ხატზე

არასამთავრობოები ნატა ფერაძეზე: პატიმრობა არაპროპორციული სასჯელია

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აქტივისტ ნატა ფერაძის დაკავებას გამოეხმაურა. თხუთმეტი NGO საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არაპროპორციულ სასჯელად აფასებს და სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებს, რომ ამ სახდელს გადახედოს.

"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებულ არაპროპორციულ სანქციას ვეხმიანებით და სააპელაციო სასამართლოს მოვუწოდებთ, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სახდელს გადახედოს. 

ეს სანქცია სამართალდარღვევად შეფასებული ფაქტის პროპორციულად ვერ ჩაითვლება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სამების ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების გამო, არაძალადობრივი პროსტესტის გამოხატვის ამგვარი სიმძიმისა და ხანგრძლივობის სახდელით დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პროპორციულობის სტანდარტებს არღვევს.

საგულისხმოა, რომ ნატა ფერაძის უკანონო დასჯა ერთხელ უკვე გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი, როდესაც აქტივისტების მიმართ გამოყენებული სანქცია სასამართლომ არათანაზომიერად შეფასა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოვუწოდებთ, მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობით იხელმძღვანელოს და ადამიანის უფლებების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს". - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზებია:

  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  2. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის
  3. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  4. დემოკრატიის მცველები
  5. თბილისი პრაიდი
  6. მწვანე ალტერნატივა
  7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  8. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  9. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  10. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  11. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  12. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  13. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  14. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  15. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

დღეს, 2 თებერვალს ნატა ფერაძე პოლიციელებმა საკუთარ სახლში დააკავეს. მას სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ფერაძის მიმართ საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იყო აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, ქართულმა ოცნებამ კი, კანონის გამკაცრება დააანონსა.

10 იანვარს ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა

11 იანვარს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია, რადგან "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ". საპატრიარქომ მიმართა შემომწირველებს, რომ ცვლილება ხატში ან თავად შეეტანათ, ან ამას ეკლესია გააკეთებდა.

17 იანვარს სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა დაადასტურა, რომ ხატი ცვლილებების შესატანად სამების დაცულ სივრცეში გადაიტანეს.

19 იანვარს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინთან ერთად თავად ხატის შემწირველებიც, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილიც არიან გამოსახული. ისინი გავრცელებულ ცნობას უარყოფენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია, 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერების თქმით, ის სამებისთვის მათი შეწირულია.

კომენტარები