რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Новая газета: რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად სირიელებს ქირაობს, სანაცვლოდ მოქალაქეობას სთავაზობენ

ვაგნერის სირიული ჯგუფის ძალები

როგორც რუსული დამოუკდებელი მედია Новая газета საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რუსეთი სირიის მოქალაქეებს იაკუტიაში ოქროს მომპოვებელ ობიექტზე სამუშაოს სთავაზობს, სინამდვილეში კი, აქ ჩასვლის შემდეგ სთავაზობენ ხელი მოაწერონ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტს, რუსეთის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ, რის შემდეგაც მათ უკრაინაში გზავნიან.

სირიელების გადმობირებაში, გამოცემის ცნობით, მონაწილეობენ სირიაში მყოფი შუამავლები. ერთ-ერთი მათგანი კსკ ვაგნერისთვის სამხედროების რეკრუტირებას ლიბიაში ცდილობდა. მისი სახელია ვასიმ ალ დიმაშქი. გამოძიების მიხედვით, ეს პირი სირიის მოქალაქე მამაკაცებს ეუბნება, რომ მათ წაიყვანს იაკუტიაში, ოქროსა და ალმასების მაღაროების დასაცავად, სამაგიეროდ კი 2 000 დოლარამდე ანაზღაურებასა და რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ.

Новая газета-ს ცნობით, რუსეთში სირიელების ბოლო ნაკადი 40 კაცს მოიცავადა. ვასიმი ყოველი რეკრუტირებული ადამიანისთვის 337 დოლარს იღებს. სირიელებს მოსკოვში ექიმი აკრამ დიბ ტარაფი ხვდება. ყოველი ახალწვეულისთვის, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს აფორმებს, აკრამი, ცნობების მიხედვით, 320 000 რუბლს იღებს, თუმცა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს დაედგინათ, თუ ვინ უხდის მას ამ თანხას.

"მოსკოვიდან სირიელები იაკუტიაში მიფრინავენ. იქ მათ ორ ჯგუფად ყოფენ. ერთს ულან-უდეში გზავნიან, სამხედრო სპეციალობის შესასწავლად, მეორეს საველე ბანაკში, ევროპულ ნაწილში, სადაც ქვეითებად წვრთნიან. ახალწვეულებიდან რუსულად არავინ ლაპარაკობს. კონტრაქტს ხელს უკვე რუსეთში აწერენ. ამის შემდეგ ისინი რუსულ პასპორტებს იღებენ". - ამბობს ვადიჰ ელ-ჰაიეკი, Новая газета-ს ახლო აღმოსავლეთის სპეციალური კორესპონდენტი.

საწვრთნელ ბანაკში მყოფი ერთ-ერთი სირიელი ხმოვან შეტყობინებაში, რომელიც ჟურბალისტმა ელ-ჰაიეკმა მიიღო, ამბობდა, რომ ოქროს მაღაროს დასაცავად მიდიოდნენ, თუმცა," რეალურად, ვასიმ ალ დიმაშქი მათ ჯარისკაცებად ყიდის". 

ჟურნალისტის თქმით, "სირიელების ნაკადი, რომელთაც სურთ კონტრაქტის გაფორმება, არ არის რუსული პროპაგანდის შედეგი, არამედ რეალური მოტყუების შედეგი მათი არაკეთილსინდისიერი თანამემამულეების მხრიდან".

ასევე მასალაში საუბარია ორ სირიელზე, რომელთა ვიზებსაც ვადა გაუვიდა და მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის შემდეგ მათ შესთავაზეს ან დეპორტაცია, ან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება აერჩიათ. თუმცა მათ ამავდროულად არწმუნებდნენ, რომ ექიმებად ამუშავებდნენ და "იარაღის დაჭერა არ დასჭირდებოდათ".

ორივე სირიელი საწვრთნელ ბანაკში მოხვდნენ, თუმცა რუსეთის არმიაში სამსახური გადაიფიქრეს. ცნობების მიხედვით, მათთან იყვნენ სომალელებიც. ერთ-ერთი სირიელი ყვებოდა სომალელთა შესახებ: "დღეს სომალელებს ასამართლებდნენ! ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ შემთხვევაში: ხელი მოაწერეს რაღაცას, რაც თავადაც არ იცოდნენ რა იყო. აქ კი ეუბნებიან: ჯარში მიდიხარ. მათ ეს არ უნდათ. დეპორტაციის განაჩენი გამოუტანეს. ჩვენც გამოგვიტანენ ამ განაჩენს, მაგრამ არ ვიცით როდის, ველოდებით სასამართლოს".

კომენტარები