თბილისის მერია

წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა

წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

"წერეთლის გამზირზე, საგზაო ნაწილში ყველაფერი დასრულდა. გზა ორმხრივად გაიხსნა და მანქანები უპრობლემოდ გადაადგილდებიან [...] სხვა ნაწილს რაც შეეხება, წერეთელზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს და მთლიანად მარტში დამთავრდება - მხედველობაში მაქვს ტროტუარები, დახაზვითი სამუშაოები, ახალი შუქნიშნების მონტაჟი, გამწვანება, მიწისქვეშა ნარჩენების ურნების განთავსება და განათების ახალი ბოძები [...] საავტობუსე ზოლები კი გზის შუა ნაწილში განთავსდება". - თქვა კალაძემ.


წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასასრულებლად, 16 იანვარს თბილისის მერიამ 4 ახალ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. კალაძის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ეს კომპანიებია: ენკოპარმაჯეი გრუპი და ბლექ სი გრუპი.

იქამდე, 15 იანვარს თბილისის მერიამ ხელშეკრულებები წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს, შპს ერ ტე დესა და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს შეუწყვიტა.

მერია შპს ერ ტე დეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, დაფიქსირდა კომპანიის მხრიდან სამუშაოების არწარმოების არაერთი შემთხვევა, ასევე, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების შემოწმების დროს, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის იანვრის პერიოდში, 11 ფაქტი იყო, როცა კომპანია ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს არ ასრულებდა. 

"შპს ერ ტე დეს მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერს მერია კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.

მერია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს შპს მილენიუმ ბილდერს გრუპსაც. უწყების ცნობით, ამ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა სამუშაოების არ წარმოებასა (8-ჯერ) და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენას.

"შპს მილენიუმ ბილდერ გრუპის მიერ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხებით სრულდება. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არაა და მისი დამთავრების ვადაზე სამსახურის მიერ დაახლოებითი პროგნოზი ვერ კეთდება. ასევე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ მიმდინარეობს". - წერია მერიის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ დოკუმენტში. 

მერიამ ორივე კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციები დაუწესა.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო.

კომენტარები