აშშ

მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა მაიამის პორტიდან პირველი მოგზაურობა დაიწყო

საკრუიზო გემი "Icon of the Seas"
AFP

მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა მოგზაურობა ფლორიდაში, მაიამის პორტიდან, დაიწყო

20-გემბანიან ხომალდზე 2 805 კაიუტაა, რაც 7 600 მგზავრისთვის არის განკუთვნილი და გემის სიგრძე 365 მეტრია. ამას გარდა, გემის ეკიპაჟის რაოდენობა 2 350-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ცურვის დროს საკრუიზო გემი 10 000-მდე ადამიანს დაიტევს.

გემი 7-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულებთან გაჩერდება. მასზე შვიდი საცურაო აუზი, მსოფლიოში პირველი გემზე განთავსებული წყლის პარკი, თეატრები, კაზინო და 40-მდე სასადილო პუნქტი მდებარეობს.

საკრუიზო გემის ღირებულება $2 მილიარდს აღწევს და CBS News-ის ინფორმაციით, 2026 წლამდე იგი სრულად არის დაჯავშნილი. გემს ნორვეგიული კომპანია Royal Carribean Group ფლობს, რომელიც ნორვეგიელმა მილიარდერმა არნე ვილჰელმსენმა დააარსა.

მსოფლიოში ყველაზე დიდ საკრუიზო გემზე ერთი კვირით მოგზაურობა ორი ადამიანისთვის $3 500 ღირს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ღირებულებამ შესაძლოა, $100 000-აც მიაღწიოს.

პირველ გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ მედიაში გემთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. ზოგიერთის თქმით, ყველაზე დიდი საკრუიზო ხომალდი გარემოს კიდევ უფრო მეტ დაბინძურებას გამოიწვევს, თუმცა, კომპანია Royal Carribean-ის ინფორმაციით, მათი გემები 24%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ეს თანამედროვე გემებს მოეთხოვება. ხოლო 2035 წლისთვის კომპანია გეგმავს, რომ მათი გემებიდან გამოყოფილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ნულამდე დაიყვანოს.

კომენტარები