თურქეთი

სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიაში ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ერთი ადამიანი მოკლეს

თურქეთის პოლიცია იტალიურ კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის ადგილას
Getty Images

სტამბოლში, წმინდა მარიამ დრაპერისის იტალიურ კათოლიკურ ეკლესიაში, საკვირაო წირვის დროს ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა და ერთი ადამიანი მოკლა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ დილით მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული პიროვნება იდენტიფიცირებულია. მისივე თქმით, დამნაშავეების ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ და გამოძიება მიმდინარეობს. 

"საკითხის ყოვლისმომცვველი გამოძიება დაიწყო და დაიწყო მუშაობა თავდამსხმელების დასაკავებლად". - წერს იერლიქაია X-ზე. 

სტამბოლის გუბერნატორმა, დავუთ გულმა, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დაღუპული თურქეთის მოქალაქე იყო და სხვა არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, თავდამსხმელებმა ცეცხლი მხოლოდ ერთ ადამიანს გაუხსნეს და ის მათ სამიზნეს წარმოადგენდა. 

ჯერჯერობით თავდასხმის მოტივი და გარდაცვლილის მიზანში ამოღების მიზეზი უცნობია.

სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოლუმ, თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ რელიგიურ ადგილებზე თავდასხმა დაუშვებელია. 

"არასდროს დავუშვებთ მათ, ვინც ცდილობს ჩვენი ერთობისა და მშვიდობის დარღვევას ჩვენს ქალაქში რწმენის ადგილებზე თავდასხმით". - დაწერა მერმა X-ზე. 

პაპმა ფრანცისკემ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა 

"გამოვხატავ ჩემს სიახლოვეს სტამბოლში წმინდა მარიამ დრაპერისის ეკლესიის საზოგადოებასთან, რომელმაც მესის დროს შეიარაღებული თავდასხმა გამოიარა, რასაც ერთი სიკვდილი მოჰყვა". - თქვა პაპმა. 

კომენტარები