2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

Reuters/Ipsos: საარჩევნო გამოკითხვით ტრამპი ბაიდენს 6 პროცენტით უსწრებს

CNN

25 იანვარს აშშ-ში Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული Ipsos-ის კვლევის შედეგების მიხედვით, წინასაარჩევნოდ დონალდ ტრამპი აშშ-ს ამჟამინდელ დემოკრატ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, 6 პროცენტით უსწრებს. კვლევა 22-24 იანვარს ჩატარდა და მისი ცდომილება +/-3%-ს შეადგენს. 

მკვლევრებმა მთლიანად აშშ-ში 1 250 ზრდასრული ამერიკელი გამოჰკითხეს. როგორც გაირკვა, ბაიდენსა და ტრამპს შორის ამერიკელი მოსახლეობის 40% ტრამპს ამჯობინებს, 36% კი ბაიდენს, ხოლო დანარჩენები სხვას აძლევენ ხმას, არცერთს ხმას არ მისცემენ, ან დარწმუნებულები არ არიან, ხმას ვის მისცემენ. 

კვლევის შედეგების მიხედვით, ტრამპი ბაიდენს ექვსი პროცენტით იმ შემთხვევაშიც უსწრებს, თუკი ამომრჩევლებს მესამე ვარიანტად რობერტ ფ. კენედის სთავაზობენ. ამ სამ კანდიდატს შორის ტრამპს - 36%, ბაიდენს - 30%, ხოლო კენედის - 8% მისცემდა ხმას. 

გამოკითხულთა 67%-ის თქმით, "დაიღალნენ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი და იგივე კანდიდატების ნახვით და ვინმე ახალი სურთ". 18%-მა თქვა, რომ ხმას საერთოდ არ მისცემდნენ, თუკი ბაიდენსა და ტრამპს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდათ. 

რესპონდენტებიდან 70%, მათ შორის დემოკრატების დაახლოებით ნახევარი, თვლის, რომ ბაიდენმა კანდიდატურა თავიდან არ უნდა წარადგინოს. ტრამპის შემთხვევაში იმავეს მოსახლეობის 56%, მათ შორის რესპუბლიკელების დაახლოებით მესამედი, ფიქრობს. 

ტრამპი წინა თვის კვლევის შედეგებთან შედარებით დაწინაურდა. 2023 წლის დეკემბრის კვლევის მიხედვით, ტრამპსა და ბაიდენს შორის ერთს, ან მეორეს ამერიკელი მოსახლეობის თანაბარი ნაწილი ამჯობინებდა, კერძოდ 35-35%. 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს, 5 ნოემბერს ჩატარდება. 

რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის შემდეგი გადამწყვეტი ეტაპი 24 თებერვალს სამხრეთ კაროლინის პრაიმერი იქნება, რომელსაც ნიკი ჰეილის შტატად მოიხსენიებენ, თუმცა, ტრამპი აქაც ლიდერობს: ბოლო გამოკითხვით, სამხრეთ კაროლინაში ტრამპისადმი მხარდაჭერა 62.2%-ს აღწევს, ხოლო ჰეილი 25.0%-ზეა.

თუკი ჰეილი გადაწყვეტს, ტრამპის კანდიდატურას ბოლომდე შეეცილოს, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში რესპუბლიკელი კანდიდატები კოკუსებსა და პრაიმერის კენჭისყრებზე წარმატებული შედეგის დადებით შეეცდებიან, პარტიის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვონ, რითაც გამოვლინდება, თუ ვინ გახდება 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი.

ამისთვის, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს 2 500 დელეგატიდან, სულ მცირე, 1 215 დელეგატის მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება.

კომენტარები