სომხეთი-რუსეთი

სომხეთში რუსულ პროპაგანდისტულ მედია SPUTNIK-ს შეჩერებული ლიცენზია აღუდგინეს

Media.az

სომხეთში რუსულ პროპაგანდისტულ მედია Sputnik-ს შეჩერებული ლიცენზია აღუდგინეს. გადაწყვეტილება სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო. 

რადიო Sputnik Armenia-ს სამაუწყებლო კომპანია Tospa-ს მფლობელობაშია, რომელიც რუსული მედიის რეტრანსლირებით არის დაკავებული.

"მედია Tospa-მ ყველა ნაბიჯი გადადგა, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ მოითხოვა. შესაბამისად, ლიცენზია განახლებულია. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ეთერიდან მოიხსნება გადაცემები პარასკევი ტიგრან კეოსაიანთან ერთად და აბოვიან თაიმი. Tospa-ს ლიცენზია 2024 წლის 25 იანვრიდან განახლდება". – წერია მარეგულირებლის დასკვნაში.

2023 წლის 20 დეკემბერს რადიოსა და ტელევიზიის მარეგულირებელმა კომისიამ Sputnik Armenia-ს ლიცენზია 30 დღით შეუჩერა.

კომისიამ ეს გადაწყვეტილება Тоспа-ს მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო. მარეგულირებლის ინფორმაციით, კომპანიის შესახებ ოქმი რუსი პროპაგანდისტის, ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემის გასვლის შემდეგ შეადგინეს. კომისიის თქმით, 17 ნოემბრის ეპიზოდში მან ისაუბრა სომხეთსა და მის მაცხოვრებლებზე "დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით" და "კანონით აკრძალული ქმედებებისკენ გაავრცელა მოწოდება". კეოსაიანი კრემლის პროპაგანდისტი და მარგარიტა სიმონიანის ქმარია.

მეორე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო აბოვიან თაიმის გამო. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ გადაცემა ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და გამოთქვამს მოსაზრებებს, რამაც შეიძლება "პანიკა გამოიწვიოს" ქვეყნის მოსახლეობაში. 

კომენტარები