გამოსახლება

კეკელიძეზე პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო – სსს

ტაბულა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებისას და საპროტესტო აქციის მსვლელობისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მხრიდან, 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად". - წერს სამსახური.

კეკელიძის  N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის გასახლების პროცესში 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები