გამოსახლება

შსს კეკელიძეზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი, ნივთის დაზიანებისთვის კი - 2

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კეკელიძის N1-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გასახლების პროცესში 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, პოლიციის არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გამოეხატათ, შეკრებილმა მოქალაქეებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ მისცეს აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალება. უწყების ცნობით, მათ პოლიციის მიმართ გამოიყენეს სპეციალური საშუალება ე.წ სპრეის სახით და ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი. 

"გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.

ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე, დაკავებულია 18 პირი". - წერია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების გამოვლენის და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. 


კეკელიძის  N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა. მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო.

კომენტარები