2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

რესპუბლიკელი რონ დესანტისი აშშ-ს საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა

აშშ-ში ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას, 7 ნოემბერი, 2023
Scott Olson/Getty Images

აშშ-ს ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისი ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშება. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ვიდეო მიმართვა გაავრცელა. დესანტისმა წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტის შემდეგ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.

მისი თქმით, აშკარაა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპი ბევრად სჯობს. "მე პირობა დავდე, რომ რესპუბლიკელ კანდიდატს მხარს დავუჭერდი, და ამ პირობას შევასრულებ. მას (რედ. დონალდ ტრამპს) ჩემი მხარდაჭერა აქვს". - თქვა დესანტისმა ვიდეოში.

რონ დესანტისმა კამპანია ნიუ ჰემფშირის პრაიმერისამდე, სადაც იგი რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის, დონალდ ტრამპისა და ნიკი ჰეილის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებდა, ორი დღით ადრე შეწყვიტა. მანამდე, აიოვას კოკუსში მან მოპოვებული ხმათა 21.2%-ით მეორე ადგილი აიღო, ხოლო ტრამპი პირველ ადგილზე 51%-ით გავიდა.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რონ დესანტისი ტრამპის ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ მიიჩნეოდა, თუმცა, დროდადრო ეს წარმოდგენა გაქარწყლდა. ზოგიერთ გამოკითხვაში მას ბოლო პერიოდში სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი უსწრებდა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატურის მოპოვებაში დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ შეეცილება.

მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში რესპუბლიკელი კანდიდატები კოკუსებსა და პრაიმერის კენჭისყრებზე წარმატებული შედეგის დადებით შეეცდებიან, პარტიის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვონ, რითაც გამოვლინდება, თუ ვინ გახდება 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი. ამისთვის, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს 2 500 დელეგატიდან, სულ მცირე, 1 215 დელეგატის მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება. აიოვის კოკუსში ტრამპმა 20 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო, დესანტისმა 8-ის და ჰეილიმ 7-ის.

კომენტარები