შეზღუდვები გზებზე

განათებების დემონტაჟის გამო, რუსთაველზე 21-22 იანვარს, ღამით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

თბილისის მერია

საახალწლო განათებების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 21-22 იანვარს 00:00-დან 06:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთს შეეხება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე. მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა კი დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ რუსთაველის ტერიტორიაზე მოხვედრას მძღოლები გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით შეძლებენ. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იქნება.

მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

კომენტარები