2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

რესპუბლიკელი ვივეკ რამასვამი აშშ-ს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა

აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ვივეკ რამასვამი
AP Photo/Jose Luis Magana

აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლას რესპუბლიკელი ვივეკ რამასვამი გამოეთიშა. 38 წლის რამასვამიმ, რომელიც ახალბედა პოლიტიკოსად ითვლება, არჩევნებში მონაწილეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება აიოვის კოკუსის შემდეგ მიიღო, სადაც რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაზე იგი, ხმების 7.7%-ით, მეოთხე ადგილზე გავიდა. რბოლის შეწყვეტის შემდეგ რამასვამიმ მხარდაჭერა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გამოუცხადა.

ბიოტექნოლოგიის სფეროს ანტრეპრენერმა და ახალბედა პოლიტიკოსმა რამასვამიმ მეტწილად საკუთარი ხარჯებით დაფინანსებული წინასაარჩევნო კამპანია 2023 წლის თებერვალში დაიწყო. კამპანიის განმავლობაში იგი ცალსახად ტრამპის მხარდამჭერად წარადგენდა თავს, თუმცა, ამბობდა, რომ იმ დაპირებების შესრულებას, რომელთა გატარებასაც ტრამპი აპირებს, ტრამპზე უკეთ შეძლებდა.

რამასვამის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი განათლების დეპარტამენტს, გამოძიების ფედერალურ ბიუროსა (FBI) და აშშ-ს შემოსავლების სამსახურს გააუქმებდა, ხოლო ფედერალურ დონეზე დასაქმებული ხალხის 75%-ს დაითხოვდა.

რამასვამის პოზიციებიდან განსაკუთრებული კრიტიკის საგანი მისი საგარეო პოლიტიკა იყო, რომელიც იზოლაციონისტურად მიიჩნევა. რამასვამი საგარეო პოლიტიკაში აშშ-ს როლის შემცირებას ემხრობა. მისი თქმით, აშშ-მ უკრაინასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები უკან უნდა წაიღოს, რაც მოგვიანებით ისრაელთან და ტაივანთან მიმართებითაც უნდა განმეორდეს.

უფრო მეტიც, რამასვამი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და მისი შემოთავაზებით უკრაინა რუსეთთან დათმობებზე უნდა წავიდეს, ხოლო რუსეთს უნდა მიეცეს საშუალება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი შეინარჩუნოს.

ამასთანვე, კამპანიის დროს რამასვამის მხრიდან საკმაოდ ხშირი იყო შეთქმულების თეორიების გავრცელება. მისი ერთ-ერთი თეორია იყო, რომ "სისტემა" ტრამპს პრეზიდენტად გახდომაში ხელს შეუშლის და მის ნაცვლად "მარიონეტს" - ნიკი ჰეილის - დასვამს. ხოლო მისი რწმენით, აშშ-ში 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმში შეჭრა ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო დაგეგმილი.

საპრეზიდენტო რბოლის შეწყვეტის შემდეგ რამასვამიმ განაცხადა, რომ იგი ნიუ ჰემპშირში აპირებს გამგზავრებას, რათა ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიაში დახმარება გაუწიოს.

კომენტარები