NATO-ს სამხედრო წვრთნა

ბრიტანეთი NATO-ს წვრთნების ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპაში 20 000 სამხედროს გაგზავნის

ბრიტანული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფო აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს სამხედრო წვრთნების ფარგლებში 20 000 სამხედრო პერსონალს გაგზავნის. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაფსი განაცხადებს, რომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა საერთაშორისო მსოფლიო წესრიგის საფუძველი ძირეულად შეარყია.

შაფსი იტყვის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის "მშვიდობის დივიდენდი" ამოიწურა, რაშიც იგი გულისხმობს, რომ თავდაცვაში უფრო მეტი თანხის დახარჯვა კვლავ აუცილებლობა ხდება.

ეს ბოლო 40 წლის განმავლობაში NATO-ს წვრთნებში ბრიტანეთის ყველაზე მასშტაბური მობილიზაციაა. 20 000 სამხედრო პერსონალი თებერვლის თვეში აღმოსავლეთ ევროპაში განლაგდება. ამასთანავე, შაფსი საზღვაო და სამეფო საჰაერო ძალების გაგზავნასაც გამოაცხადებს. წვრთნებში მონაწილეობას ბრიტანეთის საზღვაო ძალების ორი ახალი ავიამზიდი, რვა სამხედრო ხომალდი და სამეფო საჰაერო ძალების F35-ები მიიღებს.

ბრიტანულ ძალებს NATO-ს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წვრთნაში 30 სხვა ქვეყანა შეუერთდება. წვრთნებში 16 000 ბრიტანელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, რაც გაერთიანებული სამეფოს რეგულარული ჯარის მეხუთედია.

მანამდე, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის დახმარებისთვის ბიუჯეტი £2.5 (დაახლოებით $3.2 მილიარდი) მილიარდამდე გაიზრდება.

კომენტარები