გრიპის ვირუსი

ცერცვაძე: რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ საპანიკო არაფერია

ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია კლინიკების დატვირთვაც. ეს სინამდვილეა, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც ცალკეული ექსპერტები, თუ მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში “დრამატული ვითარებაა“, “კლინიკებში ადგილები აღარ არის“, “მშობლები ბავშვებით კლინიკის რიგში დგანან“.

ობიექტური შეფასებით, ქვეყანაში რესპირაციული ინფექციებით პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურად არ არის საჭირო ამის დრამატიზება, საპანიკო არაფერია. ეს ზრდა მოსალოდნელი იყო.

გასული სამი წლის განმავლობაში იმიტომ იყო რესპირაციული ინფექციების ნაკლები რაოდენობა, რომ მაშინ COVID-19 დომინირებდა, სახელმწიფო და მთელი მსოფლიო ეფექტიან საპასუხო ზომებს იღებდა, ეს იყო პირბადის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება, მასობრივი შეკრებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რესპირაციული ინფექციების გავრცელების პრევენციას ახდენდა. შედეგად, ყველა ამ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, ბოლო 3 წელი შემცირებული იყო. წელს, როდესაც COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, რესპირაციული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა იმ ფარგლებში, რაც COVID-19-მდე იყო.

ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად მხოლოდ გრიპისგან საშუალოდ 290 000-650 000-მდე ადამიანი იღუპება. საქართველოში, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევა გვქონდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 2024 წელს გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. თითქოს, ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები