ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: ვერავინ შეგვაჩერებს, ვერც ჰააგა და ვერც ბოროტების ღერძი

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებთან ერთად, 2023 წლის 25 დეკემბერი.
Avi Ohayon/GPO

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელს ვერ შეაფერხებს

"ვერავინ შეგვაჩერებს - ვერც ჰააგა, ვერც ბოროტების ღერძი და ვერავინ სხვა". - თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის განხცადების პარალელურად, სამხრეთ აფრიკა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სთხოვდა, რომ ისრაელისთვის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. ნეთანიაჰუს თქმით, სამხრეთ აფრიკის ბრალდება, რომ ისრაელის გენოციდს აწარმოებს, "ერების ისტორიაში ახალი ზნეობრივი დაბალი დონეა". 

"ეს ცილისწამების საერთაშორისო კამპანია არ შეგვიშლის ხელს ან შეასუსტებს ჩვენს მონდომებას ბოლომდე ვიბრძოლოთ, რადგან რაღაც შეიცვალა ჩვენი ხალხის ისტორიაში. ანტისემიტიზმი ისევ იგივე ანტისემიტიზმია, მაგრამ ებრაელი ერის სტატუსი შეიცვალა... რადგან დღეს ქვეყანა გვაქვს, დღეს გვყავს თავდაცვის ძალები და გმირი ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენს ხალხს იცავენ". - თქვა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ ჟურანლისტებთან საუბრისას ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიას გადაწყვეტილებისთვის, რომ მსოფლიო სასამართლოში ისრაელი დაეცვა. გერმანიის გადაწყვეტილებით, მთავარ მოსმენაზე მესამე მხარის როლში გამოვა და ისრაელის მხარდამჭერ არგუმენტებს წარმოადგენს. 

"გუშინ მე ვესაუბრე კანცლერ შულცს და მადლობა გადავუხადე გერმანიის მხრიდან ამ საზიზღარი ტყუილის უარსაყოფად ჰააგაში დელეგაციის გამოგზავნის მზადყოფნისათვის". - თქვა ნეთანიაჰუმ.

ჰააგის სასამართლოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ 84-გვერდიანი საჩივარი შეიტანა. სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები გაეროს სასამართლოს სთხოვენ, რომ იმოქმედონ მყისიერად, რათა გენოციდის კონვენციის ფარგლებში აირიდონ შემდგომი აუნაზღაურებელი ზიანი და პალესტინელი ხალხის უფლებების დარღვევები. 

"ისრაელის ქმედებები გენოციდური ხასიათისაა, რადგან მიზანი პალესტინელების ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის უდიდესი ნაწილის განადგურებაა" - წერია სამხრეთ აფრიკის საჩივარში. 

კომენტარები