მოკავშირეების იერიში ჰუსიტებზე

ირანმა და ჰეზბოლამ აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ჰუსიტებზე თავდასხმები დაგმეს

US Central Command via X/Handout via REUTERS

ირანის და ჰეზბოლას წარმომადგენლებმა 12 იანვრის ღამეს აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი იერიში ჰუსიტების პოზიციებზე დაგმეს. ირანის წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს თავდასხმა ხელს შეუწყობს რეგიონის არასტაბილურობას და დაუცველობას.

"ეს თავდასხმები იემენის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. ასევე ესაა საერთაშორისო სამართლის დარღვევაც" - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანანიმ. 

ირანის ამ განცხადებას ლიბანური ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლაც შეუერთდა. ჰეზბოლას წარმომადგენლის თქმით, ამერიკის ეს აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა ისრაელის თანამზრახველია იმ სისასტიკეებსა და ტრაგედიებში, რაც ღაზაში და მსოფლიოში ხდება. 

როგორც ჰეზბოლას, ისე ჰუსიტების მთავარი პარტნიორი და დამფინანსებელი ირანის ისლამური რესპუბლიკაა. 


ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

კომენტარები