მოკავშირეების იერიში ჰუსიტებზე

აშშ: ახალი იერიშის შედეგად ჰუსიტების 2 გემსაწინააღმდეგო რაკეტა გავანადგურეთ

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვაში
სოციალური მედია / X

აშშ-ს სამხედრო ძალებმა იემენში ჰუსიტების სამხედრო პოზიციებზე ახალი იერიში მიიტანეს.

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, შეტევის შედეგად ჰუსიტების 2 გემსაწინააღმდეგო რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც კომერციული გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა. 

"წითელ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების დასაცავად და საზღვაო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად მიმდინარე მულტინაციონალური ძალისხმევების ფარგლებში, 18 იანვარს აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა იერიში მიიტანეს ჰუსიტების ორ გემსაწინააღმდეგო რაკეტაზე, რომლებიც სამხრეთ წითელი ზღვისკენ იყო მიმართული და სასროლად მზად იყო". - წერია X-ზე.

აღნიშნული იერიში ბოლო კვირის განმავლობაში აშშ-ს მხრიდან მეხუთე თავდასხმაა. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, აშშ იერიშებს გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰუსიტები თავდასხმებს არ წყვეტენ.

"(რედ. - იერიშები) აჩერებს ჰუსიტებს? არა. გაგრძელდება? კი". - თქვა ბაიდენმა.


ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

ჩემი ბრძანებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა იემენში სამიზნეებზე იერიში მიიტანეს – ბაიდენი

12 იანვარს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ ავიაგამანადგურებლებიდან, ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავიდან იერიში დაიწყეს.

აშშ: იემენში იერიში ჰუსიტების 60-ზე მეტ სამიზნეზე მივიტანეთ

გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს, 10 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუსიტებს წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ოთხმა ქვეყანამ: რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა, მხარი კი 11-მა ქვეყანამ დაუჭირა. 

ამასთან, იემენში ჰუსიტების ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ჰუსიტებზე მოკავშირეების იერიში დაგმო და "სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიად" მოიხსენია.

EU-ს ქვეყნები წითელ ზღვაში ჰუსიტების შესაკავებლად მისიის გაგზავნას განიხილავენ – Reuters

წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ჰუსიტების მხრიდან გახშირებული თავდასხმების ფონზე, კომერციული გემები იძულებული არიან, მარშრუტები შეცვალონ. ამიტომ, გამოცემა Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტმა, რომელიც EU-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჰუსიტების წინააღმდეგ მისიის გაგზავნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროპელმა დიპლომატებმა 16 იანვარს განაცხადეს.

აშშ-მ ჰუსიტები ტერორისტულ ორგანიზაციად ისევ გამოაცხადა

17 იანვარს აშშ-მ ჰუსიტები ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ხელმეორედ შეიყვანა. აშშ-ს წარმომადგენლების ცნობით, ჰუსიტების გლობალურ ტერორისტებად გამოცხადება მათ დაფინანსებისა და იარაღის მიღების გზებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ჰუსიტები აქამდე აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში უკვე იყვნენ. ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველ წელს ჰუსიტები ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო და ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ ამ სიაში ყოფნა ხელს უშლიდა იემენში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესს. იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომის გამო უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა და ქვეყნის საკმაოდ დიდ ნაწილს ჰუსიტები აკონტროლებენ. 

კომენტარები