პოლონეთი

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა დაკავებული პოლიტიკოსების შეწყალებას აპირებს

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ პოლიტიკოსებს, მარიუშ კამინსკისა და მაჩიეი ვონშიკს, ხელახლა შეიწყალებს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკოსების ცოლებთან საუბრის შემდეგ მიიღო. 

კამინსკი და ვონშიკი დუდამ ერთხელ, 2015 წელს, უკვე შეიწყალა, მაგრამ პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ  შეწყალება კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პრეზიდენტმა განაჩენამდე ორი კვირით ადრე იმოქმედა. დუდას თქმით, ამჯერად ის სიფრთხილეს გამოიჩენს და კანონით გათვალისწინებულ პროცედურას დაიცავს.

"მინდა, რომ ეს პროცესი ყველა კონსტიტუციური და კანონიერი სტანდარტის აბსოლუტურ შესაბამისობაში მიმდინარეობდეს". - თქვა დუდამ. 

მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ 2015 წლის შეწყალება ლეგიტიმური იყო და კამინსკისა და ვონშიკის სასჯელის გასაუქმებლად საკმარისი იყო. 

პოლონეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ კამინსკისა და ვონშიკის ბრალი კანონის სრული შესაბამისობით დაუდასტურდათ და, შესაბამისად, პარლამენტის წევრები ვერ იქნებიან. გარდა ამისა, მთავრობის თქმით, მსჯავრდებულთათვის სასჯელისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა პრეზიდენტის მიერ შეწყალებაა.


გუშინ, 10 იანვარს ვარშავაში პოლონეთის პოლიციამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე, მაჩიეი ვონშიკი დააკავა.

პოლიტიკოსები დააკავეს 9 იანვრის ღამეს, პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ისინი საკუთარი მრჩევლების დანიშვნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაიბარა. დუდა დაკავების დროს შენობაში არ იმყოფებოდა, ის ბელვედერის სასახლეში იყო და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხვდებოდა.

პოლიციამ აღნიშნა, რომ კამინსკი და ვონშიკი სასამართლოს მიერ 8 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. პოლიტიკოსები დაკავებით გაკვირვებული იყვნენ, თუმცა, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. 

2015 წელს ვარშავის სასამართლომ მარიუშ კამინსკისა და მაჩიეი ვონშიკს თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მათ 2007 წლის ე.წ. მიწის საქმეში ძალაუფლების გადაჭარბება ედებოდათ ბრალად.

2007 წელს კამინსკი პოლონეთის ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი იყო და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მაღალჩინოსნები მიწის ნაკვეთების ოპერაციებში დახმარებისთვის ქრთამს იხდიდნენ.

2015 წელს კამინსკი და ვონშიკი ანდჟეი დუდამ შეიწყალა, თუმცა 2023-ში უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის ხელახალი გადახედვა დაიწყო. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამავე პარტიის წევრია პრეზიდენტი დუდაც.

მთავრობის მიერ პოლიტიკოსების დაკავებას პარტია კანონი და სამართლიანობის წევრების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს. 

11 იანვარს პარლამენტის წინ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც კამინსკისა და ვონშიკის გათავისუფლებას ითხოვენ და ტუსკის მთავრობის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. თვითონ დაკავებულმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ შიმშილობას გამოაცხდებენ. 

კომენტარები