სტალინის გამოსახულება ხატზე

ფერაძე: ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და ცემეს

ორკ-ქოცები ნატა ფერაძის სახლთან, 10 იანვარი
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

აქტივისტ ნატა ფერაძის ინფორმაციით, მის სახლთან გამართული აქციის შემდეგ ძალადობრივი ჯგუფის წევრები აქტივისტებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფერაძის გარდა, სხვა აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"ჩემგან წასულ მეგობარ აქტივისტებს დახვდნენ და ცემეს". - წერს ფერაძე. 

"აქციის დაშლის შემდეგ ალტ-ინფოელები დაესხნენ. ლორენას ორჯერ დაარტყეს. ერთ ბიჭს ოთხი ალტ-ინფოელი დაესხა, ჩხუბის დროს მიწაზეც წააქციეს". - წერს მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილი სოციალურ ქსელში. 

დამატებითი ინფორმაციის გაგების მიზნით ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

10 იანვარს სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. ორკ-ქოცები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც აქტივისტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი აქვს შესხმული. 

აქციასთან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, შეკრების ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც მზად იყო აღეკვეთა აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეების მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი.


9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ხატზე არსებული იოსებ სტალინის გამოსახულებაა. 

შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატია 6 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მან შესწირა ხატი სამების საკათედრო ტაძარს და "ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს". 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილმა ასევე გააკეთა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი ვიდეომიმართვიდან ვიგებთ, რომ დავით თარხან-მოურავთან ერთად ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.

კომენტარები