მინესოტა

მინესოტას სასტუმროში სროლას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

WCSC-TV

ჩრდილოეთ მინესოტას პოლიციის ცნობით, 8 იანვრის ღამით სასტუმრო Super 8-ში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, თავდასხმაში ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას CBS-ი ავრცელებს.

როგორც პოლიციაში ამბობენ, უწყებას დაახლოებით 18:30 საათზე სასტუმროს თანამშრომელი დაუკავშირდა, რომელმაც მისი ერთ-ერთ კოლეგაზე თავდასხმის შესახებ შეატყობინა. 

ამავე ინფორმაციით, ადგილზე მისვლისას პოლიციელებმა იპოვეს 22 წლის ქალი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

პოლიციის განცხადებით, სასტუმროს ავტოსადგომზე, მანქანაში კიდევ ერთი მსხვერპლი, 35 წლის მამაკაცი იპოვეს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი იყო. 

გარდა ამისა, მოგვიანებით, როგორც პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, სასტუმროს საკუთრების გარეთ, იპოვეს თავდამსხმელი, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა თავდასხმის მიზეზი.

კომენტარები