აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

ტრამპმა კოლორადოში პრაიმერიზში მონაწილეობის აკრძალვა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის მიერ მისთვის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზში მონაწილეობის აკრძალვა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა

ტრამპის იურისტების თქმით, კოლორადოს საქმეში ყოფილ პრეზიდენტს სათანადო საპროცესო ნორმების გარეშე ასამართლებენ და გამოთქმული აზრის გამო სჯიან, რომელსაც კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლება იცავს. მათი თქმით, კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სახიფათო პრეცენდენტს ქმნის, რაც ადგილობრივ ხელისუფლებებას წაახალისებს, პარტიული მიზეზების გამო საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევნებზე არ დაუშვან.

მანამდე, 2021 წლის კაპიტოლიუმზე მოწყობილი თავდასხმის გამო ტრამპს კოლორადოს შტატში საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალეს

კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეფუძნება, რომელიც აშშ-ს სამოქალაქო ომის შემდეგ მიიღეს. შესწორების მიხედვით, პირებს, რომლებმაც კონსტიტუციის დაცვის ფიცი დადეს და შემდეგ აშშ-ს წინააღმდეგ ამბოხში მიიღეს მონაწილეობა, საჯარო თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ. 

ამომრჩეველთა ნაწილის მტკიცებით, ტრამპის სიტყვებმა, სოციალურ მედიაში გავრცელებულმა პოსტებმა და სხვა განცხადებებმა 6 იანვრის თავდასხმა წაახალისა, შესაბამისად ის სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხში მონაწილეობდა. კოლორადოს უზენაეს სასამართლოში 4-მა მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი იყო. ყველა მოსამართლე დანიშნულია დემოკრატი გუბერნატორების მიერ. 

ამასთან, იგივე აკრძალვა ტრამპს მეინშიც დაუწესეს. გადაწყვეტილება შტატის მდივანმა, შინა ბელოუსმა მიიღო, რომელიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. 

"ამ გადაწყვეტილებამდე მარტივად არ მივსულვარ. ვითვალისწინებ, რომ არც ერთ შტატის მდივანს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ბიულეტენბზე მოხვედრა არ დაუშლია მე-14 შესწორების მე-3 მუხლის მიხედვით. თუმცა, იმასაც ვითვალისწინებ, რომ პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატი აქამდე ამბოხებაში ჩართული არ ყოფილა". - თქვა საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მდივანმა, ბელოუსმა.

ეს საქმე ამჟამად ორეგონშიც განიხილება.

ტრამპის პრაიმერიზზე დაბლოკვას მხარი არ დაუჭირა მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ.

კომენტარები