რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინამ ბელგოროდის ცენტრზე იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები

ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის ცენტრი დაბომბეს. მისი თქმით, იერიშს ორი ბავშვი ემსხვერპლა და არიან დაშავებულებიც. 

რუსეთის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, დაბომბილია საცხოვრებელი რაიონი. ტელეგრამ-არხებზე ქალაქი ბელგოროდის ცენტრიდან ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც კვამლი და დამწვარი მანქანები ჩანს. გლადკოვმა მოქალაქეებს ბომბსაფარებში ჩასვლისკენ მოუწოდა.

აქამდე, გასულ ღამეს ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინამ ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანა, როგორც თავად ქალაქ ბელგოროდზე, ისე რეგიონის სხვა დასახლებებზე. მისი მტკიცებით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი კაცი. როგორც გლადკოვი წერდა, იერიშის ფარგლებში გამოიყენეს არტილერია და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. მისივე ცნობით, ობიექტების მოსაგერიებლად მოქმედებდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. პარალელურად, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი ირწმუნებოდა, რომ გასული ღამის იერიშების შედეგად მის ოლქში ერთი ბავშვი დაიღუპა.

ამას გარდა, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, მათ 4 სხვადასხვა ოლქში მოიგერიეს 32 უკრაინული დრონის თავდასხმა.

აქამდე, გასულ დღეს რუსეთმა უკრაინაზე ბოლო პერიოდში უდიდესი საჰაერო იერიშები მიიტანა, გამოიყენეს 100-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა და დრონი, რის შედეგადაც, სულ მცირე 31 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 14 მხოლოდ კიევში, რაც დედაქალაქში ომის ფარგლებში უდიდესი სამოქალაქო მსხვერპლია. 1-ელი იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

კომენტარები