ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანიამ რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის იჯარით გადაცემა "დაამტკიცა"

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი, ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ "კანონებს" ხელი მოაწერა და ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის იჯარით გადაცემა "დაამტკიცა".

შედეგად, "რუსეთის ფედერაციისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის საკუთრებაში გადაცემასა და მის გამოყენებაზე აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის  ხელშეკრულების რატიფიკაციაზე" ე.წ. კანონი ძალაში შევიდა.

გარდა ამისა, ბჟანიამ "დაამტკიცა" ე.წ. კონსტიტუციური კანონი "აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმების განხორციელების ღონისძიებებისა და მისი გამოყენების პროცედურის" შესახებ.

ე.წ. კანონი დოკუმენტში მითითებული ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და საზღვაო აკვატორიის, ასევე მომავალში ამ ტერიტორიაზე აშენებული შენობა-ნაგებობების მესამე პირისთვის გადაცემას კრძალავს.

აქვე მითითებულია, რომ მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა გამოიწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის იჯარით გადაცემას მხარი დღეს, 27 დეკემბერს, გამთენიისას დაუჭირა.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მარიონეტულმა რეჟიმმა მაშინ გაავრცელა, როცა ე.წ. პარლამენტის წინ ბიჭვინთის გადაცემის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გრძელდებოდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის, მიხაილ შურგალინის მტკიცებით, შეთანხმება არ ითვალისწინებს რუსეთისთვის მიწების გადაცემას და ის მხოლოდ აქ განლაგებულ ობიექტებზე ვრცელდება.

გასულ დღეებში ოპოზიციური მოძრაობები ითხოვდნენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას უკან გაეწვია ბიჭვინთის იჯარით გადაცემის, აპარტ-სასტუმროების სამართლებრივი სტატუსის რეგულირებისა და რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიღება-აღსრულების შესახებ შეთანხმების კანონპროექტები, რომლებსაც "ანტიეროვნულს" უწოდებდნენ. ოპოზიციური მოძრაობები "გადამწყვეტი მოქმედებებით" იმუქრებოდნენ.

აქამდე მარიონეტები ამბობდნენ, რომ რუსულ-აფხაზურ შეთანხმებაში შეცდომა იყო დაშვებული სახელმწიფო აგარაკისა და აკვატორიის კოორდინატებთან დაკავშირებით. ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრაზე მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიან თქვა, რომ რუსეთმა კოორდინატები შეცვალა და ახალი დოკუმენტი გამოგზავნა.


2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე. ხელშეკრულება რატიფიცირებული ჯერჯერობით არაა.

ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.

გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

2022 წელს ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი 1958-61 წლებში შენდებოდა, სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით.

კომენტარები