ოკუპირებული აფხაზეთი

არძინბას თქმით, ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმებაში ცვლილებები შევა

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" გადაცემის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რუსეთის მხარესთან მივიდნენ პრინციპულობის გაგებამდე, რომ შეთანხმების ტექსტში ასახული უნდა იყოს ობიექტის მესამე პირთათვის გადაცემის შეუძლებლობა.

"ამ თემაზე სახელმწიფოს მეთაურისთვის ანგარიშს ვამზადებ. მედიას დროულად შევატყობინებთ". – თქვა არძინბამ. 

არძინბას თქმით, რუსეთის დაცვის სამსახურის გარდა სხვა ვინმესთვის ობიექტის გადაცემაზე საუბარი ჭორებია. მან კომენტარი გააკეთა ბატალიონი პიატნაშკას მეთაურის, ახრა ავიძბას სიტყვებზეც.

"ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი მრცხვენია. ვინც ჭორებს ავრცელებს, საკუთარ სიტყვებზე პასუხს აგებს". – თქვა არძინბამ ავიძბასთან დაკავშირებით. 

აქამდე, უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ბატალიონი პიატნაშკას მეთაურმა, ახრა ავიძბამ თქვა, რომ ის და მისი ბატალიონი რუსეთისთვის "სახელმწიფო აგარაკის" გადაცემას არ ეთანხმებიან და გადაწყვეტილების წინააღმდეგ იბრძოლებენ, ხოლო ვინც შეთანხმებას მხარს დაუჭერს, მტრებად ჩათვლიან. ავიძბას თქმით, მის მებრძოლებთან ერთად მივიდა დასკვნამდე, რომ "არავის არაფერი უნდა აჩუქონ". 

ბოლო პერიოდია რაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში უკმაყოფილებაა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემასთან დაკავშირებით. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. 

21 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა მიმართა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს და გაუგზავნა თანხმობა, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით.

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე.

ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.

გასულ თვეებში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

კომენტარები