ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: არ ვაპირებთ გაჩერებას, ომი გაგრძელდება ბოლომდე

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებთან ერთად, 2023 წლის 25 დეკემბერი.
Avi Ohayon/GPO

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩრდილოეთ ღაზაში ჩავიდა და ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებს ესაუბრა. სამხედრო მეთაურებმა მას ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებების ანგარიში ჩააბარეს.

"ორი რამ უნდა გითხრათ: პირველ რიგში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს დასაცავად, თქვენი სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ გვსურს ამ მისიის [დასრულება], მაგრამ გვსურს დაგიცვათ მაქსიმალურად". - უთხრა სამხედროებს ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ჯერჯერობით არ იგეგმება და ომი ჰამასის განადგურებამდე გაგრძელდება.

"მეორე - ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. თუ ვინმე საუბრობს შეჩერებაზე - არა, არ ვჩერდებით. ეს ომი ბოლომდე გაგრძელდება, სანამ მათ ბოლოს არ მოვუღებთ. არაფერი ამაზე ნაკლები". – თქვა მან.

აქამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში გამოსვლის დროს თქვა, რომ ისრაელი იღებს "ყველანაირ ძალისხმევას", რომ ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლები გაათავისუფლონ. მისი თქმით, ამ ძალისხმევისთვის საჭიროა "სამხედრო ზეწოლა". მან ამ გამოსვლის დროსაც აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას არ აპირებენ. ისრაელის პრემიერის თქმით, ის დაუკავშირდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რათა მძევლების გათავისუფლებაში პირადად ჩაერთონ. მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი ცოლი დახმარებას პაპს სთხოვს.

ქნესეთში გამოსვლის პარალელურად, აქვე იყვნენ შეკრებილი ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ნათესავებიც, რომლებიც პრემიერის სიტყვას უარყოფითი პოზიციების გამომხატველი ხმაურით შეხვდნენ.

25 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა უარი თქვეს ეგვიპტის მეთაურობით შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც მათ მიერ ძალაუფლების დათმობის სანაცვლოდ საბრძოლო მოქმედებები შეწყდებოდა. ტერორისტული ჯგუფების უარის მიუხედავად, ეგვიპტის გეგმის განხილვას ისრაელის ომის კაბინეტი აპირებდა.
 
ეგვიპტის გეგმის მიხედვით, იგეგმებოდა ბრძოლის ორი კვირით შეწყვეტა და 40 ისრაელელი მძევლის გათავისუფლება, საპასუხოდ, ისრაელის მიერ 120 პალესტინელი პატიმრის ციხიდან გაშვება, ღაზიდან ტანკების გაყვანა და სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა. გეგმის მეორე ფაზად განიხილებოდა ეგვიპტის შუამავლობით პალესტინურ ფრაქციებს შორის დაპირისპირების დასრულება და დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში საერთო მთავრობის შექმნა. ბოლო ნაწილში კი იგეგმებოდა აბსოლუტური ცეცხლის შეწყვეტა, დარჩენილი ისრაელელი მძევლების, მათ შორის სამხედროების ისრაელში დაბრუნება იერუსალიმის მიერ განსაზღვრული რაოდენობის პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. 

კომენტარები