მიხეილ სააკაშვილი

მინდა, ოპოზიციას შევთავაზო პოლიტიკური აქტიურობის და ერთობის კომიტეტის შექმნა – სააკაშვილი

სააკაშვილი/ სასამართლო პროცესიდან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს.

"ჩვენ შევქმნით პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, [...] ჩამოვიყვანთ ისეთ ხალხსაც, ვინც არასდროს არ ყოფილა არანაირ პოლიტიკაში. ახლა არის ერთიანობის დრო. ყველანაირი წყენა და პირადი გარჩევები უნდა გვერდზე გადავდოთ იმიტომ, რომ საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ამას გეუბნებით მე, მიშა სააკაშვილი, რომელმაც თავი გადადო და გასწირა საქართველოსთვის [...]." - თქვა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას.

ექსპრეზიდენტმა ასევე დაასახელა ის პოლიტიკოსები, ვინც პარტიიდან კომიტეტში უნდა გაწევრიანდნენ და თავის სავარაუდო წარმომადგენლად ენმ-ს წევრი - სოფო ჯაფარიძე დაასახელა.

"კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია და მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ასევე, მე მინდა, შევთავაზო [ოპოზიციას] ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორიც არის ამერიკაში, ასეთი კომიტეტები. ხალხი უნდა შევიდეს, ნუ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ, ასევე, უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი ამ კომიტეტში [...] მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს პრაქტიკულად ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა. პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი[...] და სხვებთან დიალოგის ადგილი". - ამბობს სააკაშვილი.

კომენტარები