ევროკავშირის გაფართოება

ორბანი: უკრაინაზე გადაწყვეტილება არასწორია, არ ვიზიარებთ, სხვებმა თავიანთი გზით იარონ

OFFICE OF THE PRESIDENT OF UKRAINE

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ორბანმა მალევე სოციალურ მედიაში ვიდეო ატვირთა, რომელშიც კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არ არის.

"უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინა მზად არ არის დაიწყოს ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებები. ამ გარემოებებში უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება ყოვლად უაზრო, არარაციონალური და არასწორი გადაწყვეტილება არის და უნგრეთი საკუთარ პოზიციას არ შეცვლის". – თქვა ორბანმა.

ორბანმა ასევე თქვა, რომ უნგრეთს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრმა სხვა ქვეყნებმა "თავიანთი გზით უნდა იარონ", უნგრეთი კი თავის პოზიციას არ შეიცვლის. 

"მეორე მხრივ, დანარჩენმა 26 ქვეყანამ დაიჟინა, რომ ეს გადაწყვეტლება მიეღოთ. ამიტომ, უნგრეთმა გადაწყვიტა, რომ თუ 26 გადაწყვეტს, ასე მოიქცეს, მაშინ მათ საკუთარი გზით იარონ. უნგრეთს არ სურს, ეს ცუდი გადაწყვეტილება გაიზიაროს და ამ მიზეზით დღეს უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია". – თქვა ორბანმა. 

The Guardian-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოთახი ცერემონიულად დატოვა, როდესაც ევროპის საბჭომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა გადაწყვიტა.

დღეს, 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაეხსნა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა

"იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისთვის და ჩვენი კონტინენტისთვის". – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). 

კომენტარები