ტირანოზავრი

ტირანოზავრის განამარხებულ კუჭში მისი უკანასკნელი საკვები, ორი პატარა დინოზავრი აღმოაჩინეს

ნამარხი ნაშთების შესწავლისას მკვლევრებმა 75 მილიონი წლის ტირანოზავრის ბოლო საკვები - ორი პატარა დინოზავრი აღმოაჩინეს. შესაბამისი კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა

"ტირანოზავრები ეს დიდი მტაცებელი სახეობებია, რომლებიც ალბერტასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ხეტიალობდნენ გვიან ცარცულ პერიოდში. ისინი იყვნენ მთავარი მტაცებლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვინახავს ფილმებში, წიგნებსა და მუზეუმებში. ისინი დადიოდნენ ორ ფეხზე და ძალიან მოკლე ხელები ჰქონდათ". - თქვა ალბერტას კალგარის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, დარლა ზელენიცკიმ, რომელიც კვლევაზე მუშაობდა. 

კვლევის თანახმად, ტირანოზავრი (Gorgosaurus libratus) 5-დან 7 წლამდე ასაკის იყო, იწონიდა დაახლოებით 350 კილოგრამს და სიკვდილის მომენტში 4 მეტრს აღწევდა.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ტირანოზავრის განამარხებულ კუჭში აღმოჩენილი ორი პატარა დინოზავრი ეკუთვნოდა სახეობას, სახელად Citipes elegans-ს და 1 წელზე პატარა ასაკის უნდა ყოფილიყო იმ დროს, როცა ტირანოზავრმა შეჭამა.  

"მისი ბოლო და ბოლოდან მეორე საკვებს შეადგენდა ეს პატარა ჩიტისმაგვარი დინოზავრები (Citipes). ტირანოზავრი რეალურად ჭამდა მხოლოდ მათ უკანა კიდურებს. კუჭის ღრუში ამ მტაცებლების ჩონჩხის სხვა ნაშთები ნამდვილად არ არსებობს. ეს მხოლოდ უკანა ფეხებია". - თქვა ზელენიცკიმ. 

ტირანოზავრის სრული ჩონჩხი ალბერტას დინოზავრების პროვინციულ პარკში 2009 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც ქალაქ კალგარის ტირელის სამეფო პალეონტოლოგიურ მუზეუმის თანამშრომლებმა ლაბორატორიაში, ნამარხზე მუშაობისას პატარა ამობურცული ძვლები შეამჩნიეს, ტირანოზავრის ნეკნების გაწმენდა და მუცლის ღრუს შესწავლა დაიწყეს.

კომენტარები