საქართველო-რუსეთი

ჟენევის დისკუსიებზე რუსეთმა NATO-ს საქართველოსთან პარტნიორობაზე უკმაყოფილება გამოთქვა

მიხაილ გალუზინი

5-6 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდზე რუსეთის დელეგაციის მეთაურმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე უკმაყოფილება გამოთქვა.

ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში NATO-ს მზარდი აქტიურობით, საქართველოს სამხედრო ათვისების გეგმების რეალიზაციით, ამ ქვეყნის თანამედროვე სახის შეიარაღებით გატენვით". – ნათქვამია განცხადებაში.

გალუზინმა კვლავ გაუსვა ხაზი რუსეთის პოზიციას, რომ "აუცილებელია თბილისის სოხუმთან და ცხინვალთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ეგიდში კონტაქტების გაგრძელება", რათა საქართველომ ოკუპირებულ რეგიონებთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება დადოს და დაიწყოს ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია.

განცხადების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ე.წ. საზღვართან, "ცალკეული ინციდენტების" გარდა, სიტუაცია სტაბილურია. "ცალკეულ ინციდენტებში" წინა განცხადებებში რუსეთი გულისხმობდა თამაზ გინტურის ინციდენტს, როცა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

"მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია "ადგილზე" ქართულ-აფხაზურ და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რეგიონებში, ცალკეული ინციდენტების გარდა, მთლიანობაში სტაბილურად რჩება". – წერია რუსეთის საგარეოს განცხადებაში.

ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის განახლდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის შეხვედრები. 

გაეროს მიერ დევნილებთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას რუსეთის მხარემ დისკუსიების რაუნდზე "პოლიტიზირებული" უწოდა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება.

კომენტარები