საქართველო-რუსეთი

რუსეთი თბილისისგან ოკუპირებულ რეგიონებთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას კვლავ ითხოვს

მიხაილ გალუზინი

რუსეთი კვლავ ითხოვს, რომ თბილისმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება დადოს და დაიწყოს ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი.

ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინისა და ოკუპირებული რეგიონების მარიონეტული რეჟიმების ე.წ. საგარეო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრის შინაარს აღწერს. მათ ერთმანეთთან ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის წინ ისაუბრეს.

"სასაზღვრო ზონაში ბოლოდროინდელი პროვოკაციების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა თბილისის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი გარანტიების სასწრაფოდ შემუშავების, ასევე ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ სახელმწიფო საზღვარზე დელიმიტაციის პროცესისა და შემდგომი დემარკაციის აუცილებლობას". – ნათქვამია განცხადებაში. 

"ბოლოდროინდელ პროვოკაციებში" რუსეთის საგარეო უწყება გულისხმობს შემთხვევას, როცა საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთი საქართველოს სთხოვს ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობას უშუალოდ ოკუპირებული რეგიონების მარიონეტულ რეჟიმებთან და დაიწყოს დელიმიტაცია-დემარკაცია. ჟენევის დისკუსიების ფარგლებში თბილისს ძალის გამოუყენებლობის პირობა დადებული აქვს და ამავეს ითხოვს მოსკოვისგანაც, თუმცა ეს უკანასკნელი ირწმუნება, რომ კონფლიქტის მხარე არაა და საქართველომ შეთანხმება ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებთან უნდა დადოს.

აქამდე, ნოემბრის დასაწყისში გალუზინი მსგავსი შეხვედრის ფარგლებში ამბობდა, რომ აუცილებელი იყო საქართველოსთან მუშაობა, რათა კირბალში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია არ გამწვავებულიყო. ის ითხოვდა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების დადებასა და დელიმიტაცია-დემარკაციასაც.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

კომენტარები