ოკუპირებული აფხაზეთი

გამახარია: ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრების აღდგენაზე შეთანხმება მიღწეულია

Netgazeti 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას თქმით, ჟენევაში კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის, ე.წ. გალის ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ მან "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"არსებობს ჟენევის ფორმატი, ერთადერთი ადგილი, სადაც აფხაზური, ოსური მხარეები პიროვნულად მონაწილეობენ. ამასაც მინდა, ხაზი გავუსვა. ისინი არ მონაწილეობენ, როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ან რაღაც უწყების წარმომადგენლები, არამედ პიროვნულად მონაწილეობენ. ისევე როგორც პიროვნულად მონაწილეობს იქ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ბატონ რუსლან აბაშიძის სახით.

.. გალის ფორმატი არსებობდა, კონფლიქტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც 2008 წლიდან არ ფუნქციონირებს აფხაზური მხარის პოზიციის გამო. მაგრამ ჟენევაში, ფაქტობრივად, უკვე მიღწეულია შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფორმატი აღდგეს. მაგრამ, აქ წარმოიშვა სხვა საკითხი - ქართული მხარე არ აპირებს იქ საზღვარგარეთის პასპორტით გადავიდეს და რაღაც შტამპი ჩაურტყან. ამაზე კატეგორიული უარია. ამ ფაქტორმა რამდენიმე თვით შეაფერხა ფორმატის განახლება. მაგრამ ჩვენ სულ ახლახან მოვისმინეთ გალის დე ფაქტო გამგებლის, ფილიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ენგურისპირას, იქითა მხარეს, ხიდს რომ გადალახავ, არმისული .. საგუშაგომდე რაღაც სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც გაიმართება ეს შეხვედრები. ისევ და ისევ ეს ჟენევის ფორმატის შემადგენელი ნაწილია". - თქვა მან.

კითხვაზე, თუ ვინ მიიღებს ამ შეხვედრებში მონაწილეობას, გამახარია პასუხობს: "ვინც ცხინვალში ღებულობს მონაწილეობს, ის ადამიანები, ოღონდ არა ოსები, არამედ აფხაზები იქნებიან, ევროკავშირის დამკვირვებლები იქნებიან და ჩვენი მხრიდან ასევე შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლები. იქნებიან რუსების წარმომადგენლებიც".

ამის პარალელურად, გამახარიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიის დე ფაქტო ხელისუფლებასთან "პოლიტიკის არანაირ ცვლილებას ადგილი არ აქვს".

"თქვენ, ალბათ, მოისმინეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება ამასთან დაკავშირებით. მე მგონი, ეს საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ მე, როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიდასტურებთ, რომ პოლიტიკის არანაირ ცვლილებას, არანაირი ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას ადგილი არ აქვს, არ არის ეს დაკავშირებული არც რკინიგზასთან, რომლის აღდგენა ასევე მინდა დაგარწმუნოთ რომ სანამ ეს ტერიტორია ოკუპირებულია, არ მოხდება". - თქვა გამახარიამ.

გასულ დღეს ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (იპმრ) მექანიზმის შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქართული მხარე შეხვედრების წარმომადგენლებს სთხოვდა, ენგურის ხიდი გადმოეკვეთათ პირადობის მოწმობით, ხოლო მარიონეტებს სურდათ პასპორტების გამოყენება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუბრობდა შესაძლებლობაზე, "გამოენახათ რაღაც ნეიტრალური ტერიტორია" მდინარე ენგურთან, შემდეგ "გაეშალათ კარავი და ჩატარებულიყო შეხვედრები".

"ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, მზად ვართ თანაბარი დიალოგისთვის". - თქვა ფილიამ Чегемская правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

"აი, ამ ჟენევის დისკუსიებმა, მოდი, აქ გადმოინაცვლოს. ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის... იქ, ჟენევაში ვერაფერი გადაწყდება". - დაამატა ფილიამ.

ფილიას თქმით, "საქართველოში არსებობენ ძალები, რომელთაც ესმით, რომ ეს ფურცელი უნდა გადაშალონ" და საქართველოს ხელისუფლება "გზავნის სიგნალებს, რომ არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინაააღმდეგ", მაგრამ, მისივე თქმით, არსებობს "დასავლეთის მიერ დაფინანსებული, ძალიან სერიოზული" ოპოზიცია, რომლის "ხელშიცაა მცირე მოვლენები".

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის ფარგლებში შეხვედრები, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, პერიოდულად იმართება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მიმართებით.

ოკუპირებულ აფხაზეთთან ეს ფორმატი, რომელიც 2009 წელს შეიქმნა, 2012-ში შეწყდა. განახლების მცდელობა და მორიგი შეხვედრა 2016 წელს გაიმართა.

კომენტარები