ჩინეთი-იტალია

FT: იტალიამ ჩინეთს შეატყობინა, რომ სი ძინფინგის "სარტყლისა და გზის ინიციატივას" ტოვებს

იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი

იტალიამ ჩინეთს ოფიციალურად შეატყობინა, რომ სი ძინფინგის ერთ-ერთ მთავარ, სარტყლისა და გზის ინიციატივას ტოვებს. ამის შესახებ Financial Times-ი ანონიმურ იტალიელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური გადაწყვეტილება რომმა მიიღო სამ თვეში მას შემდეგ, რაც იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ იტალიის წინა ხელისუფლების მიერ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას "შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ მისი მთავრობა სარტყლისა და გზის დატოვებას განიხილავდა.

იტალიის გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს Reuters-იც. სააგენტოს ცნობით, რომმა პეკინს წერილი მისწერა და უთხრა, რომ ინიციატივიდან გადის.

იტალია დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან იყო პირველი, ვინც 2019 წელს, იმჟამინდელი მთავრობის პირობებში, ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივას შეუერთდა. მელონიმ მაშინ ამ ინიციატივისთვის ხელის მოწერაზე ძლიერი წინააღმდეგობა გამოთქვა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მისმა მემარჯვენე მთავრობამ მიუთითა, რომ ინიციატივაზე უარის თქმა სურს. შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლოს უნდა განახლებულიყო და დამატებით 5 წლით გახანგრძლივებულიყო.

აღნიშნული ინიციატივა მსოფლიოს მასშტაბით ჩინეთის დაფინანსებითა და ჩინური კომპანიების ჩართულობით სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. სარტყელი და გზა მიჩნეულია მსოფლიოში ჩინური ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების ზრდის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად.

კომენტარები