ჩინეთი-იტალია

"სარტყლისა და გზის" დატოვებაზე განხილვების პარალელურად, მელონი ჩინელ კოლეგას შეხვდა

იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და ჩინეთის პრემიერი, ლი ციანგი

დიდი ოცეულის სამიტის მიმდინარეობისას, 9 სექტემბერს იტალიის პრემიერ ჯორჯია მელონისა და ჩინეთის პრემიერ ლი ციანგს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფონად გასდევს იტალიის ამჟამინდელი მთავრობის მიერ ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივის დატოვებასთან დაკავშირებული განხილვები.

მელონის ოფისის მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პრემიერმა ხაზი გაუსვა იტალიასა და ჩინეთს შორის ათასწლოვან ისტორიასა და 20-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც "საერთო ინტერესების ყველა სფეროში ორ ერს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეხვედრამ "რომსა და პეკინს შორის ძირითად ორმხრივ და საერთაშორისო საკითხებზე დიალოგის კონსოლიდაციისა და გაღრმავების შესახებ საერთო განზრახვა დაადასტურა".

შეხვედრას ჩინური მხარეც გამოეხმაურა. განცხადებაში ლიმ ორმხრივი ვაჭრობის შემდგომი გაფართოების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

"ჩინეთ-იტალიის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობა ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებშია და ასევე არის ის, რაც ორივე ქვეყანას სჭირდება უკეთესი განვითარებისთვის". - წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ჩინეთი იტალიისგან "ჩინური კომპანიებისთვის სამართლიანი, კანონიერი და არადისკრიმინაციული ბიზნეს გარემოს" უზრუნველყოფას მოელის.

იტალია დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან იყო პირველი, ვინც 2019 წელს, იმჟამინდელი მთავრობის პირობებში, ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივას შეუერთდა. მელონიმ მაშინ ამ ინიციატივისთვის ხელის მოწერაზე ძლიერი წინააღმდეგობა გამოთქვა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მისმა მემარჯვენე მთავრობამ მიუთითა, რომ ინიციატივაზე უარის თქმა სურს. შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლოს უნდა განახლდეს.

აღნიშნული ინიციატივა მსოფლიოს მასშტაბით ჩინეთის დაფინანსებითა და ჩინური კომპანიების ჩართულობით სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. სარტყელი და გზა მიჩნეულია მსოფლიოში ჩინური ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების ზრდის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად.

სარტყლისა და გზის ინიციატივის შესახებ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებებში არცერთ მხარეს არ უსაუბრია.

კომენტარები