კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც კახეთში ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

Tabula

სამართალდამცველებმა ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს - 1988 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები