უკრაინა-აშშ

კიევში ოსტინისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართა, აშშ უკრაინას $100 მილიონით დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, 2023 წლის 20 ნოემბერი
Pravda.com.ua

აშშ-ს თავდაცვის მდივანი და პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ამერიკელი გენერალი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ოსტინმა შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

"დღეს პატივი მხვდა, კიევში შევხვედროდი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ კიდევ ერთხელ დამედასტურებინა აშშ-ს მხრიდან უკრაინის ურყევი მხარდაჭერა. ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განვაგრძობთ ბრძოლის ველზე და გრძელვადიანი თავდაცვის საჭიროებების საკითხებში უკრაინის მხარდაჭერას". – წერს ოსტინი.

შეხვედრის შემდეგ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 100 მილიონი დოლარით დაეხმარება. გამოყოფილი თანხა არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ჭურვებს მოხმარდება.

"მივიღებთ კიდევ ერთ თავდაცვის პაკეტს აშშ-სგან, მადლობელი ვარ. უფრო კონკრეტულად საუბარია არტილერიის ჭურვებზე, რომლებიც ამ წუთას გვჭირდება". – თქვა შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ. 

ბოლოჯერ აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარით 17 ნოემბერს დაეხმარა. ახლო მომავალში უკრაინას კიდევ 300 მილიონ დოლარამდე მოხმარდება.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი კიევში 20 ნოემბრის დილას ჩავიდა

ცოტა ხნით ადრე ოსტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან რუსტემ უმეროვთან. მათ ორი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს. 

22 ნოემბერს რამშტაინის ფორმატში დაგეგმილია ვიდეოკონფერენცია, რომელშიც ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები მიიღებენ მონაწილეობას.

 

კომენტარები