აშშ-ში დრონების გამოცდასთან დაკავშირებით, უკრაინა პენტაგონთან შეთანხმებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დოკუმენტის პროექტისა და მასში ჩართული ოფიციალური პირების ცნობით, კიევი და ვაშინგტონი ემზადებიან პირველი მსგავსი შეთანხმების გასაფორმებლად, რომელიც სამხედრო ტესტირებისთვის, აშშ-ში უკრაინული დრონების ექსპორტს დაუშვებს. გამოცემის ინფორმაციით, განცხადების პროექტი განიხილება როგორც პირველი ნაბიჯი დრონებთან დაკავშირებით პოტენციურად უფრო ფართო შეთანხმებისკენ.
Financial Times წერს, რომ მათ მიერ ნანახი შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს გეგმას უკრაინული უპილოტო სისტემების დროებითი ექსპორტისთვის, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ოპერაციებისთვის. გამოცემის ცნობით, დოკუმენტი ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის მზარდ ინტერესს კიევის სწრაფად განვითარებადი საბრძოლო ტექნოლოგიების მიმართ.
გამოცემის ინფორმაციით, ხელშეკრულება აღიარებს „საერთო ინტერესს უკრაინული ტექნოლოგიების სამომავლო ერთობლივი წარმოების, განვითარების ან შესყიდვის მიმართ, რაც სარგებელს მოუტანს აშშ-ის სამხედრო ძალებს და ამასთანავე გააძლიერებს უკრაინის თავდაცვით ინოვაციებს“.




