საქართველო-ევროკავშირი

შოლცმა ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს პროგრესი დადებითად შეაფასა - მთავრობა

ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის 16 ნოემბერს სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ლიდერმა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შესახებ ისაუბრა.

გერმანიის კანცლერმა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გერმანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

თავის მხრივ, ღარიბაშვილმა შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის როლზეც ისაუბრა.

"როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს". - წერია მთავრობის განცხადებაში.

სატელეფონო საუბრისას ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს".


8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის შეფასება პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა. ლაიენმა ასევე ხაზი გაუსვა გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას.

რატომ გასცეს კანდიდატობის მინიჭების რეკომენდაცია ახლა და რა ხდება შემდეგ

კომენტარები