საქართველო-ევროკავშირი

რატომ გასცეს კანდიდატობის მინიჭების რეკომენდაცია ახლა და რა ხდება შემდეგ

საქართველო-ევროკავშირი

რატომ გასცეს კანდიდატობის მინიჭების რეკომენდაცია ახლა და რა ხდება შემდეგ

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს. სავარაუდოა, რომ საბჭო მხარს სწორედ ევროკომისიის მიერ რეკომენდებულ გადაწყვეტილებას დაუჭერს და 2023 წლის ბოლომდე საქართველო ოფიციალურად გახდება ევროკავშირის წევრობის მე-9 კანდიდატი.

უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადადიან. მათ კანდიდატობის ეიფორია მაშინ გაიარეს, როცა საქართველოს 12 დავალება სტატუსის მისაღებად უნდა შეესრულებინა.

ევროკომისიამ საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 პირობის შესრულება ჩაუთვალა, დანარჩენი კვლავ მოთხოვნებში რჩება და ახალ კონტექსტთან ერთიანდება. ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს კვლავ სჭირდება პოლიტიკური დეპოლარიზაცია, სამართლიანი არჩევნები, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, უმცირესობების უფლებების დაცვა და ასე შემდეგ, თუმცა 2022 წლისგან განსხვავებით ახლა კანდიდატობის მიღების რეკომენდაცია მივიღეთ. 

ახალი და კვლავ შესასრულებელი ძველი მოთხოვნები ევროკომისიისგან

ალბათ, ზედმეტად გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ, დავიჯეროთ, რომ ამ გადაწყვეტილების ცვლილების მიზეზი სახალხო დამცველის "პლურალისტურად" არჩევა იყო (ერთ-ერთი შესრულებული პირობა 12-დან).

რა ხდება ღია კარის მიღმა

კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი, თუმცა მეტწილად სიმბოლური ეტაპია – ერთგვარი მოსაცდელი ოთახი, როცა გარედან სიცივე ნაკლებად შემოდის, თუმცა არც შინ არ ხარ. გასულ წელს EU-მ ამ ოთახის კარი ბოლო ათწლეულში ყველაზე მეტჯერ გახსნა. უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ერთი შეხედვით მკვეთრად შეცვალა. მეორე ამბავია, ეს ცვლილება მხოლოდ ერთი შეხედვით გვეჩვენება ასეთად, თუ მართლაც უნდა ველოდოთ რაიმე განსხვავებულს. ის, რაც ადრე ევროპელი ბიუროკრატებისთვის მარტივად იფარებოდა დაბალი რისკის გადაწყვეტილებებით და ტექნოკრატიული პროცესებით, 2022 წლის ზაფხულში თავდაყირა დადგა. ბლოკმა განაცხადის შეტანიდან 3 თვის შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. იმავე წლის ბოლოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი ბოსნიასაც, რომელმაც განაცხადი 2016 წელს წარადგინა (მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას 2019 წელს მიღებული 14 პირობა სრულად ჯერ კიდევ არ შეუსრულებია).

უფრო ფართო სურათში თუ შევხედავთ, დღეს უკვე კანდიდატის სტატუსი აქვს ყველა ქვეყანას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა და ტექნიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. გამონაკლისი საქართველოს გარდა მხოლოდ კოსოვოა, განსხვავებული და რთული საერთაშორისო სამართლებრივი კონტექსტის გამო.

ბევრი საუბრობს ბლოკში ამჟამად არსებული გაფართოების მოსწრების იმპულსზეც, რომელიც, შესაძლოა, არც ისე დიდხანს გაგრძელდეს, რადგან 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნებია დაგეგმილი და არსებობს შანსი, რომ ამ ბიუროკრატიულ ქაოსში გარკვეული ხნით გაფართოების იდეები ჩაიკარგოს. ამიტომაც ევროპელი ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოზე, და არა მარტო, გადაწყვეტილების მიღებისთვის საუკეთესო დრო იყო. აქვე ჩნდება უკრაინისა და მოლდოვის განზომილებაც, რადგან თუ ასოცირებული ტრიოს ეს ორი წევრი ამ იმპულსის პირობებში კვლავ ერთი ნაბიჯით წინ წაიწევდა, მათ საქართველოც უნდა მიჰყოლოდა.

უნდა ვისაუბროთ უნგრეთის ფაქტორზეც და ზოგადად ევროკავშირის შიდა რადიკალურ ფრთაზე. განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის კავშირები გააქტიურდა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ღირებულებებისთვის კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ არის, თუმცა, მეორე მხრივ,  არსებობს მოსაზრება, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირში მისი მსგავსი იდეოლოგიის მქონე ახალი მოკავშირისთვის სტატუსის მინიჭებას აქტიურად დაუჭერს მხარს, თანაც გარკვეული ვაჭრობის გზით.

რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია კარგად იაზრებს მის მიერ დადგენილი სტანდარტების ქმედითობას, ან პირიქით. ევროკომისიის რეკომენდაცია სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ყველა პირობა დააკმაყოფილა. საბოლოოდ ეს მხოლოდ ახალი გვერდის გადაშლა იქნება გასაკეთებელი საქმეების სიაში, თანაც არაერთი ახალი გვერდის – წლობით გაწელილი გაწევრიანების მოლაპარაკებები, რომელიც მყისიერადაც კი არ დაიწყება, თუმცა პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება იქნება.

წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: გვყავს რუსული რეჟიმი, ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს

ამჟამად ევროკავშირს წევრობის 8 კანდიდატი ჰყავს. მათ შორის სტატუსი ყველაზე ადრე, 1999 წელს თურქეთმა მიიღო, შესაბამისად, ის ყველაზე სტაჟიანი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე უიმედო (ორმხრივად) კანდიდატია. მას მოჰყვა ჩრდილოეთ მაკედონია 2005 წელს, მონტენეგრო – 2010 წელს, სერბეთი – 2012 წელს, ალბანეთი – 2014 წელს. 2022 წელს კანდიდატის სტატუსი სამ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მიენიჭა.

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, თუმცა მეტწილად სიმბოლურ ეტაპად ითვლება.

ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგი ნაბიჯი გაწევრიანების გრძელვადიანი მოლაპარაკებების დაწყება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis) ქვეყნის დაახლოებაა. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კვლავ წარადგენს აზრს ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. ყველა წევრი ქვეყნისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება.

ევროკავშირის ამჟამინდელი 21 წევრის (დამფუძნებელი წევრების გარეშე) ბლოკში გაწევრიანების საშუალო დრო 9 წელია. რა თქმა უნდა, თითოეული ქვეყნის შემთხვევაში ვადები განსხვავებულია და დამოკიდებულია ქვეყნის მზაობაზე, საჭირო რეფორმების რაოდენობაზე, გლობალურ პოლიტიკასა და სხვა ფაქტორებზე.

ევროკავშირის გაფართოების ტალღები და მასში ქვეყნების ინტეგრაცია საკმაოდ ასიმეტრიულია. ეს ჩანს არა მარტო არსებული წევრების გამოცდილების ანალიზით, არამედ მიმდინარე კანდიდატების ინტეგრაციის ქრონოლოგიის გადახედვითაც. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ევროკავშირი ბოლოს 2013 წელს, ისიც მხოლოდ ერთი წევრით გაფართოვდა, კიდევ ერთხელ იწევა წინა პლანზე ევროკავშირის გადაღლილობის კონცეფციაც. არსებობს მოლოდინი, რომ კანდიდატებს, რომლებიც ამჟამად ევროპის კონტინენტის ყველაზე ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს წარმოადგენენ, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის ქვეშ ყოფნა უფრო დიდ ხანს გაუგრძელდეთ.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ უკრაინამდე, მოლდოვამდე დ საქართველომდე უკვე ათწლეულია მოსაცდელ ოთახში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან და ახალბედა კანდიდატებამდე მათი გვერდის ავლით მოსვლა თითქმის შეუძლებელი იქნება. დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატების შემთხვევაში პრობლემები მრავალგვარია, მაგრამ ძირითადად საქმე წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის არარსებობასა და ნაციონალისტურ პოლიტიკასთან გვაქვს. ბლოკის დიდი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების საკითხის გაყოფა რთული იქნება, ხოლო ევროკავშირს ყველა მათგანის ერთიანად მიღების რესურსი არ გააჩნია.

აქ ჩნდება მთავარი კითხვაც, როდის იქნება, ან იქნება თუ არა ევროკავშირი მზად, რომ 27-დან 35-წევრიანი ორგანიზაცია გახდეს. ამას პირველ რიგში შეეწინააღმდეგებიან ბლოკში კონტრიბუტორი ქვეყნები, რადგან ევროკავშირის კრიზისების ერთ-ერთი მთავარი წყარო უკვე დიდი ხანია არის რესურსებისა და სარგებლის განაწილების ასიმეტრიულობა.

კომენტარები