აფხაზეთი

სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

თბილისში, სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 16 ნოემბერს 5 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, 15 პირი კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალეს.

სამსახურის ინფორმაციითვე, აფხაზეთში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 20 იდენტიფიცირებული პირი, რომელთა შორის 14 მებრძოლი და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა, თბილისში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით გადმოასვენეს. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ შექმნილი ორი საკოორდინაციო მექანიზმის შედეგად, 1990-იანი და 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაკარგულთა 601 ნეშტია ნაპოვნი. მათგან 263 უკვე გადაეცა ოჯახებს. 2029 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები