რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კალასი: დასავლური ქვეყნების მხარდაჭერა უკრაინას დაეხმარება გაძლოს მეტხანს, ვიდრე რუსეთმა

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უიმედო მდგომარეობა არ არის, თუმცა, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამის შესახებ კალასმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება. ეს არ არის უიმედო მდგომარეობა, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდება. დასუსტების ომში არის სამი ძირითადი ელემენტია:  ხალხი, რესურსები და მორალი. რუსეთი ფიქრობს, რომ სამივე თვალსაზრისით უკრაინაზე მეტხანს გაძლება შეუძლია, მაგრამ მე მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას დაეხმარება გაძლოს მეტხანს, ვიდრე რუსეთმა. ევროპა 30 000-დან 40 000-მდე უკრაინელ სამხედროს წვრთნის, თუ ამერიკაც ამდენივეს წვრთნის მაშინ ვიღებთ 80 000 გაწვრთნილ ჯარისკაცს, წვევამდელების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი ომში აგზავნის. შესაბამისად, ხალხის თვალსაზრისით, უფრო ბრძოლისუნარიანები ვართ.". - თქვა კალასმა.

ამავდროულად, ომისთვის საჭირო რესურსებზე საუბრისას კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი რუსეთისას შვიდჯერ აღემატება და რუსეთის ბიუჯეტზე სანქციებიც მოქმედებს.

"რუსეთმა ბიუჯეტის მესამედი დაკარგა, სანქციების გამო ქვეყნის გარეთ სესხს ვერ იღებენ. ასე რომ, მათ დიდი პრობლემები აქვთ. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, რამშტაინის კოალიციის თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთისას 13-ჯერ აღემატება". - თქვა ესტონეთის პრემიერმა.

მორალსა და შემართებაზე საუბრისას კი კალასმა თქვა, რომ უკრაინელები საკუთარი სახლების დასაცავად იბრძვიან და ამის გათვალისწინებით, მათი შემართება ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის.

კომენტარები