ე.წ გადატრიალების საქმე

დანიგანი ე.წ გადატრიალების საქმესა და "გლობალური ომის პარტიაზე": სასაცილოა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში "სასაცილოს" უწოდებს ე.წ ტრენინგების და გადატრიალების საქმეზე USAID-ის ჩართულობაზე განცხადებებს. ამასთან, კითხვაზე, ასევე სასაცილოდ თუ მიაჩნია "გლობალურ ომის პარტიაზე“ რიტორიკა, დანიგანი პასუხობს - "ამაზეც ვიტყვი, რომ სასაცილოა".

"იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს - არა იმაზე, რაც თქვენ თქვით, არამედ რაც სხვებმა თქვეს USAID-ის ჩართულობაზე.

არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 31 წელიწადზე მეტია, საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით. ვმუშაობთ ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სკოლებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან - საზოგადოების ყველა სეგმენტთან, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყანას გაძლიერებაში, ეკონომიკურად მეტად განვითარებაში და ვთვლი, რომ ნამდვილად დავეხმარეთ საქართველოს იმის მიღწევაში, სადაც დღეს არის.

ის, რომ თითქოს არის რაღაც შეთქმულების ქვედა დინება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა და მისი უწყება ცდილობს აქ მსგავსი რამის ჩადენას, იმდენად სასაცილოა, რომ ნამდვილად არ ვთვლი ეს იმსახურებდეს ამაზე ლაპარაკში ჩემი დროის დახარჯვას. რასაც ვიტყოდი, არის, რომ USAID-ი, მე, წარმოვადგენთ პოლიტიკებსა და პროგრამებს, რომელთა საქართველოში განხორციელებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და USAID-ის ადმინისტრატორი სამანთა პაუერი - მთელი ჩვენი მთავრობა უჭერს მხარს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ხელისუფლებაში, მთავრობაში, თუკი ეს მთავრობა არჩეულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში" - უთხრა დანიგანმა რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება "გლობალური ომის პარტიაზე" რიტორიკას, ელჩი ამბობს, რომ ესეც სასაცილოა.

"შეერთებული შტატები მუშაობს ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდამხარ, აგრეთვე პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად "დიდ შვიდეულში“ საპირისპიროსთვის - ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, უკრაინის ჩათვლით. მე უკრაინაზე ვმუშაობდი ორი წლის განმავლობაში, დღე და ღამე, რომ იქ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა და არა ომის გასავრცელებლად.

უნდა დასვათ შეკითხვა: საიდან მოდის ეს ნარატივი? ჩემი აზრით, ეს მოდის იმათგან, ვინც სარგებელს ნახულობს ასეთი ნარატივისგან და ვინც, სავარაუდოდ, საქართველოს გარეთ არის, თუმცა, სამწუხაროდ ეს ნარატივი შემდგომ აქ, შიგნით ძლიერდება. და, ვინ სარგებლობს ამით? - ქართველები ნამდვილად არა, ვინაიდან ეს არ არის, რის გაკეთებასაც შეერთებული შტატები ცდილობს" - თქვა დანიგანმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავდა.

მათი თქმით,  სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 4 დღის განმავლობაში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება”. 

სუს-ის მტკიცებით, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინსა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.

კომენტარები